სოფელ მუხრანიდან არის, ერთი შვილის დედაა, ობლად დარჩა მისი 12 წლის გოგონა - რას ჰყვება ახლობელი ვარკეთილში მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე?
28 აპრილს, თბილისში ვარკეთილში, საკუთარ სახლში ნათესავმა 36 წლის მარიკა ბუთხუზი მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ მან ნათესავ ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა, რის გამოც, ის ადგილზე გარდაიცვალა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა. თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სადისტურად მოკლული, მარიკა ბუთხუზი სოფელ მუხრანიდან იყო და ახალგაზრდა ქალის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ თბილისიდან მუხრანში გადაასვენეს და იქ სამშაბათს, 2 აპრილს უკვე დაკრძალეს.
მომხდარის შესახებ ოჯახის ახლობელი "კვირის პალიტრასთან" საუბრობს.
- შოკში ვართ ყველანი, ოჯახი და ნათესავები კი არა, მთელი საქართველო შეძრულია ამ ამბით და ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. მარიკა სოფელ მუხრანიდან არის, ერთი შვილის დედაა, ობლად დარჩა მისი 12 წლის გოგონა. მარიკა ამავე სოფელში იყო გათხოვილი, წყვილს გოგონა შეეძინა და მოულოდნელად ტრაგედია დატრიალდა. მარიკას მეუღლე სრულიად ახალგაზრდა ბიჭი 11 წლის წინ ავტოავარიით დაიღუპა. მათი გოგონა მაშინ წლის და 6 თვის იყო. მარიკა ერთი წელი ცხოვრობდა ბიჭის მშობლების ოჯახში, მაგრამ მერე მუხრანში თავის მშობლებთან დაბრუნდა. მას ჰყავს მშობლები და ერთი ძმა. მეუღლის ოჯახის წევრებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ბავშვი მუხრანის სკოლაში სწავლობს და ახლა, როცა თბილისში ეს ტრაგედია დატრიალდა, ბავშვი მამის ოჯახში იყო. ის პერიოდულად ხან ერთ პაპა-ბებიასთან ცხოვრობდა, ხან - მეორესთან, ხან - დედასთან.
8 წელი იქნება, რაც მარიკამ თბილისში ბინა იყიდა, რომელიც დედამისის სახელზეა. გოგო თბილისში მუშაობდა, ზეიკიძის "ცეხში" ბუღალტერი იყო და ამიტომ იყო თბილისში. როგორც ვიცი, მკვლელობაში ბრალდებული და მისი ცოლი მარიკასთან გადავიდნენ საცხოვრებლად. მარიკას უთხრეს, რომ 3 დღით, სანამ ბინას დაიქირავებდნენ, მანამდე სჭირდებოდათ ბინა და ამ გოგომ შეიფარა ისინი. დროებით შევიდნენ, მაგრამ მერე იქ დარჩნენ.
მოტივი და არც არაფერი. სიმართლე მხოლოდ მარიკამ იცის, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის და ახლა რას იტყვის ეს ცოლ-ქმარი და რამდენად იქნება მათი ნათქვამი სიმართლე, ეს ღმერთმა იცის.
- იმ დღეს რაზე იჩხუბეს არ იცით?
- მკვლელობაში ბრალდებული ნასამართლევია, ოჯახებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მარიკას დედასთანაც და შვილი ასე მოუკლა. მკვლელობა მოხდა 28 აპრილს, საღამოს 9-10 საათზე, გოგოს დედას კი მეორე დილას, 29 აპრილს, დილის 6 საათზე დაურეკეს და დამნაშავემ უთხრა, რომ თითქოს მის შვილს გული გაუჩერდა. ამის შემდეგ სასწრაფოდ წამოვიდნენ მშობლები თბილისში და იქ მისულებს ბინაში სამართალდამცველები დახვდათ. არის ვერსია, რომ სასწრაფოში ბრალდებულის ცოლმა დარეკა და სასწრაფომ აცნობა პოლიციას. მაგრამ როგორც ჩანს, ამასობაში დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილის მოსუფთავება მოასწრეს. ეტყობა, შემოაკვდათ გოგო და მერე ცდილობდნენ კვალის წაშლას. სულ მოუწმენდიათ ყველაფერი, მერე ის დასვრილი სისხლიანი ტანსაცმელი პარკით ჩაუტანიათ ნაგვის ურნაში და იქიდან არის ეს მტკიცებულებები პოლიციის მიერ ამოღებული.
- გვამი ნაწამებია?
- კი, სასტიკად არის ნაწამები. შეიძლება, რომ შემოაკვდათ, მერე დამატებით მიაყენეს ჭრილობები, ალბათ გვამის მოშორებაც უნდოდათ, არ ვიცით, აბა, გვამი რატომ არის ასე დასერილი? სხეული იმდენად დასახიჩრებული იყო, გაოგნებული ვარ, სახის არიდან დაწყებული, მთლიანად დასახიჩრებულია. წარმოუდგენელია, ასე როგორ და რატომ გაუსწორდნენ.
- ხმაური არავის გაუგია?
- ბინაში არის კორიდორული სისტემა, თურმე მეზობლებმაც ვერაფერი გაიგეს. პირველი სართულის მეზობელს გაუგია კივილი, მაგრამ უთქვამს, მერე უცბად ჩაჩუმდა ხმაო და ის პირველ სართულზე მყოფიც ვერაფრით დაეხმარა მარიკას. მე როგორც ვიცი, ქმართან ერთად ცოლიც დაჭერილია.
- მაინც რა ვერსიას განიხილავთ? ოფიციალური ვერსიით, მიზეზი ეჭვიანობა იყო.
- არ ვიცი, რა ვთქვა. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ კონფლიქტი მოხდა და მერე ასე გაუსწორდნენ. სამი დღით რომ შევიდნენ და მერე აღარ მიდიოდნენ ბინიდან, შეიძლება მარიკას რამე არ მოეწონა მათ ქცევაში და მოსთხოვა, ბინა დაეცალათ, მაგრამ ესენი უსახლკაროები იყვნენ და სად წავიდოდნენ? ალბათ ამიტომ მოკლეს. მოკლედ, ეტყობა ჩხუბის დროს შემოაკვდათ - ეს ვერსია გვაქვს.
საინტერესოა, ის ცოლი რას ამბობს თავის ჩვენებაში. რა გეგმას დააწყობს ახლა ეს ცოლ-ქმარი, არ ვიცით... ფაქტი ერთია, მარიკა ცოცხალი აღარ არის. ის კარგი ადამიანი იყო, თავის შვილს ძალიან კარგად ზრდიდა. ეს ეჭვიანობის ვერსიაც მათი მოგონილი მგონია, რაზე უნდა ეეჭვიანათ?
მარიკა ავად იყო, მთელი ზაფხული მკურნალობდა, ღვიძლის პრობლემა ჰქონდა და გულიც აწუხებდა. ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს.
თურმე აღარავინაა სანდო დღევანდელ დღეს. ამას ვინ წარმოიდგენდა?! თურმე მკვლელი ამბობდა, გულით გარდაიცვალაო, არადა, ფაქტია, დასახიჩრებულია. სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გაამკაცროს კანონი ასეთი მძიმე დანაშაულებისთვის. იმხელა უნდა იყოს სასჯელი, რომ მეორე ადამიანმა არ გაბედოს დანაშაულის ჩადენა. უკვე მერამდენე ქალი მოკლეს, აშკარად არ არის საკმარისი ის სასჯელი, რასაც ასეთ სადისტ მკვლელებს უსჯიან, მეტი სიმკაცრე, ამის ასე დატოვება არ შეიძლება.
გამწარებული დედამისი ამბობს, ჩემი შვილი დავკრძალო და მერე ვიბრძოლებ, რომ უმკაცრესი სასჯელი მიეცესო. მარიკას დედას "ძალოს" ეძახდა და შვილი მოუკლა. პოლიციამ სიმართლე უნდა გაარკვიოს.
- იმასაც ამბობენ, რომ დამნაშავე წამალდამოკიდებულია...
- მე მას პირადად არ ვიცნობ. როგორც გავიგე ციხეში იჯდა, შესაძლებელია, წამლის ზემოქმედების ქვეშაც იყო, თორემ ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ასეთ სასტიკ მკვლელობას როგორ ჩაიდენდა? ვფიქრობ, ორივე ცოლ-ქმარი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!