"საქართველოში ხალხს სურს ევროპა, დავეხმარები საქართველოს უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში" - დავით არახამია
უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს დაეხმარება უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში.
"ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს სამუშაო ვიზიტით კიევში იმყოფება. სამუშაო დღის წესრიგში ბევრი შეხვედრა იყო, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. უკრაინამ, როგორც ევროკავშირის მომავალმა წევრმა, ბევრი რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილება უნდა განახორციელოს.
ჩვენს მთავრობას აქვს თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა ყველა მნიშვნელოვან ცვლილებასთან და განხორციელების ვადებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოორდინირებული მუშაობა უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგვცემს სასურველ შედეგს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე მივიღეთ საშინაო დავალება.
ჩვენ ვიღებთ ბევრ კანონს, ვიშორებთ ოლიგარქების გავლენას ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე და ვაუმჯობესებთ სასამართლო სისტემას. ყველა ევროპელი დიპლომატი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, ერთხმად აღნიშნავს ამ ცვლილებების სწრაფ პროგრესს და უჩვეულო ტემპს. რაც კეთდება სხვა ქვეყნებში წლების განმავლობაში, ჩვენ ვახორციელებთ ერთ თვეში, რაც კეთდება თვეებში, ჩვენთან სრულდება დღეებში. სხვანაირად ვერ ვიქნებით.
როდესაც ასიათასობით ადამიანი იარაღით იცავს ჩვენს ქვეყანას რუსული აგრესიისგან,ზურგში ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქვეყნო საქმე და მოვამზადოთ ნათელი მომავალი ჩვენი ხალხისთვის. საქართველოშიც ხალხს სურს ევროპა. ასევე არის საშინაო დავალებები და კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე. ძნელი იქნება მიზნის მიღწევა, როცა ქვეყანაში მთელი ძალაუფლება ერთ ოლიგარქზეა დამოკიდებული, როცა პოლიტპატიმრები არიან, როცა ჟურნალისტები ციხეში არიან. მაგრამ, მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან გადაჭრის ამ პრობლემას. უკრაინა წინ წავიდა ამ პროცესში და დღეს ჩემს პრეზიდენტთან ერთად გპირდებით, რომ დავეხმარები ჩემს მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს“, - წერს დავით არახამია.