თეგებით ძიება

მოვუწოდებ ხელისუფლებას, განიხილონ რუსებისთვის 3 თვიანი ვიზების დაწესება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმებას გამოეხმაურა და მთავრობას მოუწოდა, რომ განიხილონ რუსებისთვის 3 თვიანი ვიზების დაწესება.

"სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვერ გაიგო, არ დაფიქრდა წარსულ მაგალითებზე, რომ რუსეთი დათმობებზე დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რაც მეორე მხარეს გაურთულებს ცხოვრებას, ეს არის მათი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო დრო, არც ფრენების აღდგენა და ვიზების მოხსნა არ გვჭირდება სანამ რუსეთი არის ოკუპანტი და ჩვენი ტერიტორიები აქვს მიტაცებული, ეს ჟესტი არის მიუღებელი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავისი პოზიცია ნათლად გამოაჩინოს, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს 3 თვიანი ვიზების დაწესება, ეს არის გამომდინარე უსაფრთხოების ინტერესებიდან. ჩვენ ვართ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა, ყველას ვიღებთ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქვეყანაში რუსულენოვანი ბაგა-ბაღები გაიხსნას და ქართული ენა არააუცილებელი იყოს ამ ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრობენ საქართველოში. ეს არის დაცულობა ჩვენი საზოგადოების და ეს იქნება სწორი პასუხი დღევანდელზე, ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთისგან და ვითომ რაღაც დათმობა, ჩვენ ვართ იმ მხარეს სადაც არიან ევროპელი მეგობრები და ეს არის ჩვენი ინტერესების საქმე. არ უნდა დავიწყოთ ახალი ურთიერთობები რუსეთთან, რომელიც გაგვირთულებს ყველაფერს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ  შეეძლებათ.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა