ვლადიმერ პუტინმა, საქართველო რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა - ლევან ხაბეიშვილი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების შეზღუდვის მოხსნაზე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა, საქართველო რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა.
"პუტინმა, საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა... პუტინმა, მადლობა გადაუხადა რუსულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოაცხადა - გააუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა ფრენები ...
ცინიზმის მწვერვალია, როცა ამის პარალელურად ყოველდღიურად აწიოკებენ ქართველ ხალხს, აგრძელებენ ოკუპაციას, რუსის ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე ...
ქართველი ხალხის ნება ურყევი! ჩვენ ვირჩევთ ევროპას და არა რუსეთს!
წარმოუდგენელია, ასეთ ისტორიულ დროს, რუსეთის ღია პარტნიორად საქართველო ... უდიდესი წუხილი და დარდი მაქვს ამის გაფიქრებაზეც კი ... ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, რომ ეს სამარცხვინო ფურცელი გადავშალოთ და ჩვენს ისტორიულ, ევროპულ ოჯახში შევაბიჯოთ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ შეეძლებათ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.