თავის დროზე, როცა სანქცია დაწესდა, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება და დღესაც, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე რუსეთიდან ფრენების აღდგენაზე
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება.
"ჩვენ მოგვიწია თავის დროზე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარ იყო გაჟღერებული რუსული მხრიდან ეს პოზიცია. ჩვენი პოზიცია იყო მარტივი, არის მილიონამდე საქართველოს მოქალაქე, ან ქართველი, საქართველოდან გასული პირი, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ამ ადამიანებს უწევთ დღეს მაგალითად სხვა ქვეყნების გავლით, იგივე სომხეთის გავლით საქართველოში ჩამოსვლა, რაც აძვირებს ხარჯებს, ქმნის დისკომფორტს და ა.შ. რეალურად, რუსეთის ფედერაციამ 2019 წელს ამ ადამიანებს დაუწესა სასჯელი, სანქცია და დღეს რაც ვიხილეთ ეს არის ამ სანქციის მოხსნა. ანუ, გარკვეული სასჯელი იყო დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, მილიონამდე ადამიანისთვის, რომელიც არის პოტენციური მოსარგებლე ამ საკითხით და საბოლოო ჯამში დღეს ეს სანქცია მოიხსნა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ, ამაზეც ჩვენი პოზიცია გვაქვს განმარტებული, რატომ არ ვაკეთებთ ამას. მიზეზი აქაც მარტივია, ის, რომ რუსეთისთვის სანქციის დაწესებთ ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და ხალხს დავუწესებთ სანქციას, რასაც არ გავაკეთებთ, ბუნებრივია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ შეეძლებათ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.