"პუტინი თბილისში ჯარების შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს" - მიხეილ სააკაშვილი
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხმაურება.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თბილისში ჯარების შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს.
"პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს. გუშინდელი მისი ნაბიჯით, ის ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს. მას დღემდე ვერ უპატიებია ჩემთვის და ქართველი ხალხისთვის 2008 წელს რომ ეს ვერ შეძლო.
რა თქმა უნდა, ის არ დაელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, არამედ მანამდე, ბევრად უფრო სწრაფად იმოქმედებს.
ამიტომ, ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მთელი საზოგადოების კონსოლიდაციის დემონსტრაცია, რათა მან დაინახოს, რომ აქ არ ელის ადვილი გასეირნება.
Ps. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ყოველდღე მაქვს 160/100 წნევა, 38°C, გრძელდება წონის კლება და უკვე ყოველდღე ხდება სისხლის პლაზმის გადასხმა საჭირო იმიტომ, რომ სერიოზული პრობლემებია სისხლის ანალიზებში.
ამას აქ იმიტომ ვწერ, რომ ჩემს ადვოკატებს აფერხებენ ჯანმრთელობის იმ დოკუმენტაციის მოპოვებაში, რაც კანონით გვეკუთვნის. გვისახელებენ აბსურდულ მიზეზებს, როგორიცაა თანამშრომლის შვებულებაში ყოფნა.
გვაფერხებენ, რათა ვერ შევძლოთ საბუთების დროულად წარდგენა სტრასბურგში, ამავე მიზნით არ უშვებენ ევროკავშირის ექიმთა ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყნის მანდატით აღჭურვილი უკვე თვეების განმავლობაში მზადაა ჩამოვიდეს და ჩაერთოს ჩემი ჯანმრთელობის საკითხში", - წერს ექსპრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ შეეძლებათ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.