ეს არის დადებითი ფაქტი და გადაწყვეტილება - პრემიერი რუსეთთან უვიზო მიმოსვლაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხმაურება.
მისი თქმით, ეს დადებითი გადაწვეტილებაა.
"მე მინდა ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენო და განვუმარტო ქრონოლოგიურად როგორ მოვედით დღემდე, დავიწყებ უვიზო რეჟიმით- რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ეს არის ფაქტი, რომ 1 მილიონი ეთნიკური ქართველი ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში, მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნთესავები, ახლობლები და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მათი მოძრაობა, მიმოსვლა, ახლობლების ჩასვლა და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ზოგადად უვიზო მიმოსვლას, - მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენამდე, ბატონი სააკაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი, ცალმხრივად, ისე რომ არაფერი მოუთხოვია, არც მოლაპარაკებები გამართულა და არაფერი, აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ტერიტორიების 20% დავკარგეთ და რუსეთმა ბაზები ააშენა, ამის შემდეგ, გამოვიდა წინა ხელისუფლება და ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი. ასევე, უნდა შეგახსენოთ, რომ პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს. ასევე, გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები, რომ რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან შემოვიდოდა ინვესტიციები და ეს ყველაფერი ხდება ომის შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ გონივრული, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გამოეჩინათ და პოზიცია გამოეჩინათ, სანაცვლოდ უვიზო რეჟიმი მაინც მოეთხოვათ, ასე ერთპიროვნულად, ყოველგვარი პირობის გარეშე მოხსნეს უვიზო რეჟიმი. ახლა კითხვას, ალბათ, დამისვამთ თუ რომელიმე ასოცირებულ ქვეყანას - უკრაინას, მოლდოვას აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან - ჩვენამდე ჰქონდა უკრაინასაც და მოლდოვას დღესაც აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოლდოვა არის დსთ-ს წევრი. რატომ გავაკეთე ასეთი ვრცელი კომენტარი - მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი, გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ შეეძლებათ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.