2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1.2 მილიონი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა - საქსტატი
2023 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 1.2 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოგზაურების უდიდესი ნაწილი, 48.7%, 31-50 წლის იყო.
„2023 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 873.3 ათასს მიაღწია, რაც 2.0-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო ვიზიტორების 79.8% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. ექსკურსანტების წილმა 15.9% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.3% როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი იყო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ვიზიტორების ყველაზე დიდი ნაწილი, 220,7 ათასი ადამიანი, რუსეთის ფედერაციიდან ეწვია. „საქსტატის“ ცნობით, ვიზიტორების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში იმყოფებოდა.
„2023 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი ადამიანი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3 % შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 15.0%-იანი წილით.
განხორციელებული ვიზიტების 79.4% განმეორებითი ხასიათის იყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.