თეგებით ძიება

2023 წლის I კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა - საქსტატი

2023 წლის I კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.2 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს, 16.5 პროცენტი - კახეთის რეგიონში, 16.5 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 14.0 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 11.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 23.1 პროცენტი - სხვა რეგიონებშია განთავსებული, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 98.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 42.2 პროცენტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 49.6 პროცენტი - ღორი, ხოლო 7.3 პროცენტი ცხვარი და თხა იყო.

„დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.8 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 290.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2023 წლის I კვარტალში 13.6 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 34.2 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 43.3 პროცენტი - ფრინველის ხორცზე, 21.6 პროცენტი - ღორის ხორცზე, 0.8 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 12.9 ათას პირს, საიდანაც 35.5 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 116 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 33.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 13.8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 28.9 ლარი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში 210 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (67.6 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული.

„მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (13.3 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (4.8 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (4.3 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (3.8 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (3.3 პროცენტი), კახეთის რეგიონში (1.4 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.0 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (0.5 პროცენტი)“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა