თუ თქვენ წარმოადგენთ თქვენს ხალხს, ვერ იქნებით პირდაპირი ფრენების წინააღმდეგი - მარია ზახაროვა ქართველ პოლიტიკოსებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა რუსეთ-საქართველოს შორის, პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შემდეგ, ქართველი პოლიტიკოსების ნაწილის რეაქციით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ პოლიტიკოსები ვერ აცნობიერებენ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების მნიშვნელობას და უნდა რცხვენოდეთ.
"თუ თქვენ წარმოადგენთ თქვენს ხალხს და არა ვინმეს შეკვეთას, ვერ იქნებით პირდაპირი ფრენების წინააღმდეგი, თუ გავითვალისწინებთ ერთდროულად ორ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების და ოჯახების რაოდენობას.
ასე რომ, თქვენ არასოდეს დახმარებიხართ ჩვილებს, მძიმე ავადმყოფებს და გაჭირვებულ ადამიანებს სახლში მისვლაში.
ჯერ არ გსმენიათ ტელეფონზე ტირილი ზრდასრული მამაკაცის, რომელმაც დედის ცხედარი თბილისში დასაკრძალად უნდა გადაასვენოს.
არასდროს გისაუბრიათ მამასთან, რომელმაც ბილეთისთვის ფული შეაგროვა საქართველოში ნათესავების და ბავშვის სანახავად.
ასე რომ, თქვენ არასოდეს დახმარებიხართ კიბოთი დაავადებულ პაციენტებს წამლების მიწოდებაში.
ასე რომ, თქვენ არასდროს გისაუბრიათ ბავშვთან, რომელიც დედასთან ერთად მოსკოვში საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო.
დამიჯერეთ, რომელიმე მათგანს, ვინც ახლა ყვირის, მსგავსი რამ რომ გადაეტანა, შერცხვებოდათ", - აცხადებს ზახაროვა.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.
Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი უკვე შეასრულა.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.