ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი გაფართოებაში დამატებით ინვესტიციებს ჩადებს
ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი გაფართოებისთვის ემზადება.
როგორც ტერმინალის მფლობელი ლოგისტიკური კომპანია „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფის“ გენერალურმა დირექტორმა BM.GE-ს განუცხადა, არსებული ინფრასტრუქტურით ტერმინალს შეუძლია 1-1,5 მლნ ტონა ტვირთს მოემსახუროს, თუმცა ტერმინალის მენეჯმენტი მზადაა, გაფართოებაში დამატებითი ინვესტიციები ჩადოს. სად, რა ტიპის პროექტი განხორციელდება, ამ ეტაპზე ტერმინალის მფლობელი კომპანია არ საუბრობს.
„ჩვენი ინფრასტრუქტურა 1-1,5 მლნ ტონა ტვირთის მომსახურებისთვის მზად არის. შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მზად ვიქნებით, რომ [გაფართოების გეგმები] ღიად გამოვაცხადოთ, თუ რას ვაპირებთ და სად ვაპირებთ ახალი ინვესტიციების განხორციელებას.
ჩვენი დამფუძნებლები მზად არიან ამისთვის და მზადყოფნაა ჩვენი მხრიდან. აუცილებლად ვაპირებთ გაფართოებას“,-აცხადებს მამუკა მურჯიკნელი.
აღსანიშნია, რომ წლის პირველ კვარტალში ქვეყნის პორტებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა 18%-მდე შემცირდა, თუმცა როგორც ბათუმის ტერმინალის მმართველი კომპანიის დირექტორი ამბობს, მათთან პირიქით, ტვირთების ზრდაა, განსაკუთრებით ცენტრალური აზიიდან აზოტოვანი სასუქების მიმართულებით.
„დაგვემატა ახალი კომპანია Chevron და ჩვენს შემთხვევაში პირიქით, ტვირთების ზრდა გვაქვს. 4 თვის მონაცემებით დაახლოებით 400 000 ტონაზე ვართ ასული, რაც საკმაოდ კარგი მონაცემებია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენს შემთხვევაში ტვირთბრუნვა იზრდება. მომატებულია ტვირთი, განსაკუთრებით ცენტრალური აზიიდან და მოხარული ვართ, რომ ეს ტვირთი ჩვენი ქვეყნის ტრანზიტით მიემართება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში“,-აცხადებს მამუკა მურჯიკნელი.
ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი 2021 წელს გაიხსნა. ინვესტორები ამერიკული კორპორაცია "Trammo“ და კომპანია "Wondernet Exspress Investment Group“ არიან. პროექტში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.