"დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ბრძოლა და შრომა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, გილოცავთ 26 მაისს" - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსახლეობას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"გილოცავთ 26 მაისს! გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!
საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“ - მერაბ კოსტავას ეს სიტყვები, ალბათ, არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც არის დღეს.
დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ბრძოლა და შრომა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის. ბრძოლასთან და შრომასთან ერთად, გვჭირდება გონიერება, რათა არ გავიმეოროთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არაერთგზის დაშვებული შეცდომები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის განვითარება მრავალი წლით დახია უკან.
ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტი ვერ იქნება სრულფასოვანი, ვიდრე ის სრულად მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 80 პროცენტზე ვრცელდება. მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, აფხაზებისა და ოსების დაბრუნება არის ის, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სრულქმნის. საქართველოს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ ამ ოცნების ახდენას!
მჯერა, საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი სახელმწიფო კეთილდღეობის ევროპული დონით. თავისი უნიკალური კულტურით, მყარი ფასეულობებით და დამოუკიდებლობისთვის გმირული ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, საქართველო მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს!“, - წერს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.