ვლანძღავთ პარტნიორ ქვეყნებს, სამაგიეროდ მათ, ვინც ჩვენ ოკუპაციას ახდენს, ვუფრთხილდებით - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ლანძღავს პარტნიორ ქვეყნებს და უფრთხილდება ოკუპანტ ქვეყანას.
"ისმის კითხვა, სად გაქრა სიტყვები, ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს, ქვეყნებს რომლებმაც 30 წლის მანძილზე დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ კი მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ხელს ვუწვდით და ვუფრთხილდებით.
ჩვენმა წინაპრებმა დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგად იცოდნენ. თუმცა, ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასდროს ყოფილა. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება, რაც ადვილია იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს ან ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მმართველობის ფორმულა. ყველასთვის გასაგები რომ იყოს რასაც ვგულისხმობ, გავიხსენოთ მოდელირებული ომის ქრონიკა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.