თეგებით ძიება
27. 05. 2023 ბიზნესი

თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას, მეპატრონეს უფლება ექნება, რომ... - რა ინფორმაცია უნდა იცოდეთ?

უძრავი ქონების მეპატრონეები ხშირად ჩივიან, რომ ხშირად დამქირავებლები ბინის ფულს არ უხდიან.

გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობას სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები აწესრიგებს, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში ურთიერთობები რადიკალურად შეიცვალა. კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო ბინის მეპატრონეები თავიანთ უფლებებს ვეღარ იცავენ.

„ბინა მაქვს გაქირავებული, ოფიციალური ხელშეკრულება არ დაგვიდია. პრობლემა ისაა, რომ 6 თვეა ფულს არ იხდიან. როცა გასაღების გამოსართმევად მივედი, მითხრეს, არ გავალთო, მეტიც, 

რამდენიმე დღეში მიჩივლეს. ვერ ვუშვებ ჩემი საკუთრებიდან. რა შეიძლება რომ გავაკეთო?“ -წერენ სოციალურ ქსელში.

სწორედ მსგავსი შემთხვევების გახშირების გამო, იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც ბინის ქირავნობასთან დაკავშირებულ დავებს შეეხება. ინიციატივის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია. ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ექნება უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე, დაავალდებულოს პირი ან ქირა გადაიხადოს, ან ნაქირავები ბინა დაცალოს, გამარტივებული სააღსრულებო წესებიდან გამომდინარე.

საკანონმდებლო ინიციატივას კანონიერი ძალა რომ ჰქონდეს, ის აუცილებლად მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, წერილობით უნდა გაფორმდეს და აღსრულების ეროვნულ ბიუროში დარეგისტრირდეს. სერვისი ფასიანი იქნება, თუმცა მისი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

იუსტიციის სამინისტრომ შესაძლო ცვლილება ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს გააცნო, როგორც ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნინუაშვილი ამბობს, ინიციატივა უფლებების რეალიზაციის გარეშე დარჩენილი მეპატრონეებისთვის პოზიტიური იქნება.

„თუ მესაკუთრე და დამქირავებელი გააფორმებენ წერილობით ხელშეკრულებას, სადაც შეთანხმდებიან, რომ ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარეს ექნება უფლება, მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, აღსრულების ბიურო გამოასახლებს დამქირავებელს, რომელიც არღვევს ხელშეკრულების პირობას“, - ამბობს ნიკა ნინუაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა