თეგებით ძიება
27. 05. 2023 ბიზნესი

არ არსებობს ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ვაჭრობით გამდიდრდა - გიორგი ქადაგიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით,  არ არსებობს ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ვაჭრობით გამდიდრდა.

როგორც ქადაგიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, თუ საქართველო ეკონომიკურად აყვავებულია, მაშინ ქვეყანაში 600 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი რატომ გვყავს?!

„მითია, რომ თითქოს რუსეთის ბაზარი არის რაღაც დიდი ბაზარი, რომლითაც შეიძლება ნებისმიერი ქვეყანა გამდიდრდეს, თუნდაც ის, ვინც უარს იტყვის საკუთარ თავმოყვარეობასა და ღირსებაზე. ეს მითი უნდა დავამსხვრიოთ“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ და გააკრიტიკა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც რუსეთის მიმართ ხელისუფლების რიტორიკას, მათ შორის, ეკონომიკური მოტივით ამართლებს.

„არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ვაჭრობით გამდიდრდა. უფრო მეტიც, რუსეთი ისტორიულად ახდენს ეკონომიკური ბერკეტების ინსტრუმენტალიზაციას. ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს 2006 წლის ემბარგო?!

საკითხი არ დგას ისე, თითქოს არჩევანი უნდა გავაკეთოთ ღირსებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. ასეთი რამე არ არსებობს; ან თუ ასეთი აყვავებულია ჩვენი ქვეყანა და ყველაფერი კარგად არის, მაშინ 3.7-მილიონიან ქვეყანაში 600 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი რატომ გვყავს?! რატომ არის აშშ-ის ვიზის მიღება ზეიმი?! ასიათასობით ადამიანი რატომ მონაწილეობს „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში და რატომ ფიქრობს ქვეყნიდან გაქცევაზე?! რატომ არის, რომ თბილისში ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე - ევროპულ ქალაქში და ამ დროს შემოსავლები არის იმის მესამედი, რაც იყო. ამდენად, ხელისუფლების ინფორმაციას, რომელიც არაა მართალი, რეალური ფაქტები უნდა დავუპირისპიროთ და არ უნდა დავიღალოთ მოსახლეობისთვის იმის ახსნით, რომ ჩვენ ვართ პროპაგანდის ომში. ჩვენ ვართ კიბერ-ომში, სადაც თითოეული ჩვენგანი ჯარისკაცია; როდესაც ხელისუფლება თავს იწონებს, რომ ქვეყანა აქცია რუსი მიგრანტების მომსახურების ეკონომიკად, ესაა ჩვენი ამოცანა?! გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელიც დიდი სახინკლე იქნება და რუსები მაშინ ჩამოვლენ თავისივე თვითმფრინავებით, იქეიფებენ და წავლენ, როცა მოუნდებათ და ჩვენ კიდევ გროშებზე ვიცხოვრებთ?!“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა