თეგებით ძიება
29. 05. 2023 ვიდეო

"მოკლულის დედას შვილის ფეისბუქით მისწერეს, რომ თითქოს მონასტერში წავიდა" - სასტიკი დანაშაულის დეტალები (ვიდეო)

რუსთავში მცხოვრები 25 წლის გიორგი მირზაშვილი 18 იანვარს გაუჩინარდა. ოთხთვიანი ძიების კვალმა სამართალდამცველები სოფელ ველისციხეში მიიყვანა. ვენახების სიღრმეში ახალგაზრდა კაცის დასახიჩრებული ცხედარი ჭაში იპოვეს.

ადიგლობრივები აცხადებენ, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ასევე რუსთავში მცხოვრები სიძე-ცოლისძმას - გიორგი სუხიაშვილი და უშანგი ბერძენიშვილი დააკავეს.

დადგინდა, რომ მოკლულს ბოლო კონტაქტი სწორედ მათთან ჰქონდა. მკვლელობის მოტივი 1 700 ლარია, რომელსაც ბრალდებულები გიორგი მირზაშვილისგან ითხოვდნენ. მათ მსხვერპლი ველისციხეში სუხიაშვილის აგარაკზე მოტყუებით ჩაიყვანეს, ჯერ სცემეს, შემდეგ ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გაგუდეს.

"რუსთავი 2-მა" გადაიღო შემზარავი მკვლელობის ადგილი. დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა სიძე-ცოლისძმამ დანაშაულის სამხილები სახლის ეზოშივე გაანადგურეს. მეზობლები ყვებიან, რომ დანაშაულის შემდეგ ამ სახლის მეპატრონე, გიორგი სუხიაშვილი, რუსთავიდან ველისციხეში ხშირად ჩადიოდა, თუმცა მხოლოდ ღამის საათებში.

მკვლელობის შემდეგ გიორგი სუხიაშვილმა და უშანგი ბერძენიშვილმა გვამი ნაჭერში გაახვიეს, ავტომობილის საბარგულში ჩადეს და დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში, ვენახების მიმართულებით წავიდნენ. მათ მოკლული მამაკაცის ცხედარი სარწყავ არხთან მდებარე ჭაში ჩააგდეს და ზევიდან დიდი რაოდენობით ქვები დააყარეს.

კარგად დაგეგმილი დანაშაულის შემდეგ ორივე ბრალდებულმა ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში განაგრძო. აქტიურობდნენ სოციალურ ქსელებშიც და კვალის არევასაც ცდილობდნენ.

მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ, ბრალდებულებმა ემიგრაციაში მყოფ მოკლულის დედას შვილის Facebook-ით მიწერეს, რომ თითქოს ის მონასტერში წავიდა და გარკვეული დროით კონტაქტი აღარ ექნებოდა. იგივე შინაარსის შეტყობინებები მიიღეს მოკლულის მეგობრებმაც.

ოთხი თვის შემდეგ ნაპოვნი ცხედარი იმდენად დაზიანებული იყო, რომ ის რამდენიმე საათში დაკრძალეს. დედამ ერთადერთ შვილთან გამომშვიდობება ვერ მოასწრო.

გიორგი მირზაშვილის დედა წლებია ემიგრაციაშია. მას შვილის სასტიკი მკვლელობის შესახებ ცოტა ხნის წინ აცნობეს.

"მკვლელობის შემდეგ, ჩემი შვილის მესენჯერით მომივიდა შეტყობინება, სადაც ნახსენები იყო მონასტერი, თითქოს იქ მიდიოდა. ამ დროს ჩემი შვილი უკვე მოკლული ჰყავდათ და რეალურად, მისი სახელით მწერდნენ მკვლელები. ეს ყველაფერი გააკეთეს კვალის ასარევად, რომ მე გიორგის ძებნა არ დამეწყო. ასევე, კვალის ასარევად ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს ამ 4 თვის განმავლობაში ჩემს შვილს ხედავდნენ ქალაქში.

ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, როგორც და რა მეთოდითაც მომიკლეს ერთადერთი შვილი, ასეთივე სიმკაცრით, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ორივე მკვლელი. არანაირი შეღავათი! მოვითხოვ მაქსიმალურ სასჯელს!" - განუცხადა "რუსთავი 2"-ს მოკლულის დედამ.

თელავის სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა