ჩაიგდე ხმა-მეთქი! ნუ ტლიკინებ - ვის მიმართა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან მამუკა მდინარაძემ?
ჩაიგდე ხმა-მეთქი, რომ გამოხვედი და დემაგოგობ, გაგიტარე. ნუ ტლიკინებ! - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, პაატა მანჯგალაძეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში.
მანამდე კი, სიტყვიერი დაპირისპირება პაატა მანჯგალაძესა და „ქართული ოცნების“ წევრს, მიხეილ ყაველაშვილს შორის მოხდა.
ყაველაშვილის უკმაყოფილება მანჯგალაძის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლება რუსეთზე დამოკიდებულებას ყოველდღიურად ზრდის იმ იმედით, რომ „ქართველი პურის სანაცვლოდ თავისუფლებას დათმობს“.
„წადი, აიღე იარაღი, აგერ არიან 30 კილომეტრში. 30 კილომეტრში არიან, წადი, თუ რამის თავი გაქვს და გააკეთე. გამომივიდა, ეს პატრიოტი. როდემდე უნდა ატყუოთ ეს ხალხი, ვინ ხართ თქვენ, უსამშობლო, უჯიშო ხალხი ხართ. რომელი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ეროვნულ დღესასწაულზე გინახავს სხვა დროშა?“ - მიმართა ყაველაშვილმა მანჯგალაძეს.