ჩვენი ხელისუფლების ურყევი პოზიციაა, რომ სახელმწიფომ დეოკუპაცია უნდა მოახდინოს მშვიდობიანი გზით - თეა წულუკიანი
საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დეოკუპაციის სამშვიდობო გზას ალტერნატივა არ აქვს.
"ჩვენი ხელისუფლების მოსვლის პირველივე დღიდან ეს პოზიცია არის ურყევი, რომ ჩვენ არ წარმოგვიდგენია და არც ვუშვებთ სხვა ალტერნატივას, გარდა იმისა, რომ ჩვენმა სახელმწიფომ დეოკუპაცია უნდა მოახდინოს მშვიდობიანი გზით. ამ პოლიტიკაში ეწერება მათ სორის ის სამართლებრივი დავები, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენმა სახელმწიფომ აწარმოა სტრასბურგში, ჰააგაში და პირველად საერთაშორისო სამართლებრივ გზაზე განაჩენების სახით ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებები. ამ სამშვიდობო პოლიტიკაში ჩნდება სამართლებრივი ბრძოლაც დეოკუპაციისთვის. შესაბამისად, ჩვენი პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ საერთაშორისო არენაზე ურყევად იმეორებს იმავეს, რომ დეოკუპაციის სამშვიდობო გზას ალტერნატივა არ აქვს, დეოკუპაცია კი ნამდვილად უნდა მოხდეს და მოხდება. საკუთარი ტერიტორიების არც ოკუპაციას, მით უმეტეს, ანექსიას და დაკარგვას ქართველი ერი არასოდეს შეეგუება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.