"მძინარეს ურო ჩაარტყეს, საცვლების ამარა იყო, ჭაში ჩააბეტონეს“ - ველისციხეში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები (ვიდეო)
"შაბათის ფორმულამ" ველისციხეში 26 წლის გიორგი მირზაშვილის მკვლელობის საქმის დეტალები გაარკვია. 26 წლის კაცი 4 თვის წინ გაუჩინარდა, რის შემდეგაც მისი დასახიჩრებული ცხედარი ჭაში ჩაბეტონებული იპოვეს.
გიორგი მირზაშვილის მეგობარი შაბათის ფორმულას მკვლელობის დეტალებს უყვება. მოკლულის მეგობარი ვარაუდობს, რომ მას მძინარეს ჩაარტყეს ურო, მიყენებული დაზიანებებით ის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარზე დააკავეს 2 ადამიანი, ერთ-ერთი კი გარდაცვლილის ნათესავია.
"ვფიქრობ მძინარეს ჩაარტყეს, რადგან საცვლების ამარა იყო, როცა ამოიყვანეს ჭიდან", - ამბობს მეგობარი.
მკვლელობა ველისციხეში 18 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულებმა გიორგი სულხანიშვილმა და უშანგი ბერძენიშვილმა მსხვერპლი მოტყუებით, გვიან ღამით რუსთავიდან სოფელ ველისციხეში, სულხანიშვილის სახლში წაიყვანეს. სულხანიშვილი და მირზაშვილი ნათესავები იყვნენ და სოფელს ხშირად სტუმრობდნენ. მოკლულის მეგობარი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო.
ასევე გამოძიების ვერსიით, მგზავრობისას ახალგაზრდა კაცებს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, თუმცა, მალევე შერიგდნენ. კონფლიქტი ველისციხეშიც გაგრძელდა თუ არა, უცნობია.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი და ზუსტი მოტივი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულს სულხანიშვილის ვალი ჰქონდა - 1 700 ლარი; თუმცა, ამ მოტივით მკვლელობას შაბათის ფორმულასთან საუბარში მირზაშვილის დედა გამორიცხავს, რადგან ვალის დაბრუნებაზე პირადად სულხანიშვილს ელაპარაკა და კონკრეტული ვადაც დათქვეს როდის დააბრუნებდა. ეს ვადა მაისის ბოლო იყო.
გარდა ამისა, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბრალდებულები მოკლულის ემიგრანტ დედას, 4 თვე გიორგი მირზაშვილის ტელეფონით, შვილის სახელით წერდნენ და ეუბნებოდნენ რომ ის მონასტერშია და რამდენიმე თვე არ დაბრუნდება.
"ვალი რაც ჰქონდა ამაზე ნალაპარაკევი მქონდა გიორგისთან. კონკრეტული ვადაც დავთქვი, როცა დავუბრუნებდი. ის ვადა ჯერ არც გასულა. ამიტომ გამოვრიცხავ. პირადი შურისძიებაა. ხომ არის როცა არ მოგწონს ვიღაც და მორჩა...
მწერდნენ როგორც გიორგი - რომ მივდივარ მონასტერში და მართლა აპირებდა წასვლას, ამიტომ არ შემპარვია ეჭვია. ასევე მწერდნენ, რომ ნაბოზარი გიორგი სულხანიშვილი აპირებს ჩივილს და დაუბრუნე ფული. არ დამიბრუნებია რა თქმა უნდა რადგან ვალის ამბავი გარკვეული მქონდა. ამ დროს ჩემი შვილი ცოცხალი არ იყო", - ამბობს მოკლულის დედა.