2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით, 3.4%-ით შემცირდა - მთავრობის ანგარიში
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე აისახა. აღმასრულებელი ხელისუფლება დასაქმების პოლიტიკაზე წლიურ ანგრიშში საუბრობს, რომელიც პარლამენტს წარუდგინა.
მთავრობის ცნობით, 2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს − 17.3%-ს გაუტოლდა.
„უმუშევართა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა და 267.9 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად − 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. 2022 წელს დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, რაც, წინა წელთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით ზრდაა. პანდემიის შემდგომ, 2021 წლის მესამე კვარტალიდან, სტაბილურად ფიქსირდება დასაქმების ზრდა, ხოლო 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელსაც (შესაბამისად, 47.4 და 28.3 ათასით). დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა განპირობებული იყო როგორც დაქირავებით დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების რაოდენობის ზრდით", - ნათქვამია ინფორმაციაში.