თეგებით ძიება
05. 06. 2023 ბიზნესი

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება-განვითარების მიზნით შესაბამისი კვლევები მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად ჩატარდება - ლევან დავითაშვილი

საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო პროცესი არაერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, – ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა არსებული აეროპორტის შესაძლებლობები, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ მას მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს, მათ შორის – ტერიტორიიდან და განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ასევე არსებობს გარკვეული შეზღუდვები სანავიგაციო კუთხით, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხთან. შესაბამისად, განიხილება როგორც არსებული აეროპორტის გაფართოების, ისე ახალი აეროპორტის ახალ ლოკაციაზე აშენების საკითხი.

„ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად გამართული ახალი აეროპორტი გვქონდეს და მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი გარემო შევქმნათ.

ვაზიანის აეროპორტი სწორედ უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ოფციაა, ის ამ ლოკაციაზე იმიტომაც იყო განლაგებული, რომ სანავიგაციო კუთხით ბევრი უპირატესობა აქვს, ისევე როგორც ქალაქის განვითარების თვალსაზრისით. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ ახალ აეროპორტზე ან არსებული აეროპორტის განვითარებაზე, ძალიან ბევრ ეკონომიკურ საკითხს ვითვალისწინებთ, მათ შორის ურბანული განვითარების კუთხით, ასევე ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომელიც აეროპორტმა უნდა გააჩინოს. ჩვენ არ ვსაუბრობთ უბრალოდ საავიაციო ინფრასტრუქტურაზე, რადგან აეროპორტი არის მთელი ეკოსისტემა, სადაც ხდება ბიზნესის განვითარება, სატვირთო და ლოგისტიკური ოპერაციები და ა.შ. ამიტომ ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს გარკვეულად რეგიონული ჰაბი და ცენტრი და ასევე სატრანზიტო ფრენებზე, მათ შორის კარგო-ოპერაციებზე, ამისთვის გვჭირდება განვითარების სივრცე და დიდი ეკონომიკა. საბოლოოდ, ეს არის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ელემენტი და ამ ფაქტორების გათვალისწინებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა