მაისში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავის, მზესუმზირის ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა - ეროვნული ბანკი
2023 წლის მაისში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოცდა და 1.5% შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასები 0.1%-ით შემცირდა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს.
როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს.
„მაისში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ფასებმა 1.9%-ით მოიკლო, რამაც თვის ინფლაცია 0.6 პროცენტული პუნქტით შეამცირა. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით სურსათის ჯგუფის ინფლაციის კლება მეტწილად, იმერული ყველის, პურის, კიტრის, კარტოფილის, სულგუნისა და ხახვის ფასების შემცირებამ განაპირობა. თვის ინფლაცია მცირედით შეამცირა დიზელის 5.5%-ით გაიაფებამაც. საპირისპიროდ, საბანკო მომსახურებისა და კომბოსტოს გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. მაისში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავის, მზესუმზირის ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა. სურსათის ინფლაცია ეტაპობრივად მცირდება და მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში კლებადია.
ბოლო თვეებში საწვავის (ბენზინი და დიზელი) თანდათან გაიაფების ფონზე, საწვავის წვლილი ინფლაციაში უარყოფითი გახდა და მაისში ამ მაჩვენებელმა -1.9 პპ შეადგინა. ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფებამ წლიური ინფლაცია 0.8 პპ-ით შეამცირა. მაისში სურსათის ფასები, წინა წელთან შედარებით, 3.1%-ით არის გაზრდილი, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.9 პპ-იანი წვლილი შეიტანა. სურსათის ინფლაცია მეტწილად ხორცზე, კარტოფილზე და ყველზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. მიუხედავად ბოლო პერიოდში პურის გაიაფებისა, წლიურ ინფლაციაში მისი კონტრიბუცია კვლავ დადებითია და 0.1 პპ-ს შეადგენს. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, შემცირდა და 3.9% შეადგინა“, – აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში.