თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები შემცირდა: Galt & Taggart
თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები შემცირდა. Galt & Taggart-ის კვლევამ აჩვენა, რომ 2023 წლის აპრილის თვეში თბილისში 2,705 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 23.4%-ით შემცირებაა, ხოლო თვიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 24.9%-ია.
შემცირდა ყველა ტიპის ბინების გაყიდვები, როგორც პირველადი და მეორადი ბაზრის ახალი პროექტები, ისე, მეორადი ბაზრის ძველი პროექტები.
შემცირებული მაჩვენებელი ერთი მხრივ, გამოწვეულია იმით, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გაყიდვები მაღალი იყო და ასევე, ასახავს შემცირებულ მოთხოვნას.
2023 წლის აპრილში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ძირითადი მახასიათებლები იყო:
გაყიდვები ზომის მიხედვით – ყველაზე მეტი საშუალო ზომის (51-80 მ2) ბინები გაიყიდა;
გაყიდვები სეგმენტების მიხედვით – გაიზარდა საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების წილი, რაც ასახავს ფასის ეფექტს;
გაყიდვები უბნების მიხედვით – გაყიდვების უმეტესობა ჩვეულებისამებრ დაფიქსირდა საბურთალოზე (მთლიანის 18.2%), რასაც მოჰყვა გარეუბნები – დიდი დიღომი, სამგორი, გლდანი, რამაც მთლიანი გაყიდვების 41.1% შეადგინა.