„არ მოკვდე, გთხოვ... ჯერ ცხოვრება არც დაგვიწყია, ჯერ მხოლოდ ვარსებობთ...“ - თამო კეშელავა
ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს.
„არ მოკვდე, გეხვეწები...
ჯერ ჩემში მეტი სიყვარული მაქვს შენთვის საპოვნელი...
არ მოკვდე, გთხოვ...
ვიცი, როგორ სახლს აგიშენებ, პატარას, ფერადს, აივნით, ბაღით, ეზოში ჰამაკით და ოთახში ბუხრით... ხომ ასეთ სახლზე ოცნებობ მთელი ცხოვრება...
არ უნდა მოკვდე...
ჯერ მე მეჩქარება, დილითაც მეჩქარება, შუადღითაც, ღამეც მეჩქარება და რომ დაღამდება, მაშინ ვიწყებ ფიქრს, რომ არავინ მელოდებოდა შენსავით, ალბათ, მაგრამ უკვე გძინავს... მომცემს ცხოვრება გაჩერების, უკან მოხედვის, გრძნობის, თქმის საშუალებას.
არ მოკვდე!
იქნება ემიგრაციაში მეც მომიწიოს წასვლა და ხომ უნდა დავბრუნდე, ხომ უნდა მელოდებოდე, რომ დავბრუნდე...
არ უნდა მოკვდე!
წიგნი მაქვს ჯერ დასაწერი, იქნებ ვერც დავწერო ვერასოდეს, მაგრამ რომ დავწერო, ვის გაეხარდება შენსავით, ვინ იტირებს წაკითხვამდე, ვინ დაურეკავს მამიდაშვილის ბიძაშვილის ნათლულის მეზობელს ამის სათქმელად...
გეხვეწები, იცოცხლე, ბავშვობა ბავშვობაში მაქვს დასაბრუნებელი ჯერ, რომ გავიზარდო და პატიება ვისწავლო, საკუთარი თავის პატიება, რადგან საკუთარ თავს თუ აპატიებ, ყველას აპატიებ.
იცოცხლე, ბევრი იცოცხლე, მინდა ზოგი ოცნება მაინც აგიხდინო, რადგან ყველა იმსახურებს ცხოვრების ოცნებების ახდენას ზოგჯერ მაინც, ერთხელ მაინც.
არ მოკვდე, ჯერ გაზრდამდე ბევრი მიკლია, ჯერ ჩემი ოცნებები სახლის აშენებას და ბუხართან, პლედებში გახვეულთათვის ბლინების და გლიტვეინის მირთმევას ვერ სცდება, ჯერ ისიც არ ვიცი, რომელი ხელისგულით წვავენ ერბო კვერცხს და რატომ...
არ მოკვდე, გეხვეწები, მე ჯერ საკუთარ თავს ვერ დავეწიე, სულ სადღაც გარბის, უნდა დავეწიო, იმან იცის შენამდე მოსასვლელი გზა და დავეწევი, აუცილებლად დავეწევი და როცა დავეწევი, არ მინდა შენთან მოსასვლელი გზის სიმოკლემ დამახრჩოს.
გეხვეწები, არ მოკვდე, ჯერ ცხოვრება არც დაგვიწყია, ჯერ მხოლოდ ვარსებობთ, ვსუნთქავთ, ვცოცხლობთ, მზეს და წვიმას ამინდს ვეძახით, სადილიდან სადილამდე სადილის გაკეთებაზე ვფიქრობთ და მხოლოდ ოცნებებში ვართ ბედნიერნი, მხოლოდ ოცნებებში დავსდევთ პეპლებს და ვრწყავთ მზესუმზირებს.
ყველაფერს სწავლობენ ადამიანები, დაუჯერებელი რამეების სწავლა შეუძლიათ, ნებისმიერ ასაკში, და თუ მთვარეზე გაფრინდა ადამიანი, სიყვარულს როგორ ვერ ისწავლის, და თუ ადამიანს მეტი სიყვარული შეუძლია თავს ასწავლოს, მეც შევძლებ, როგორ ვერ შევძლებ, აუცილებლად შევძლებ, ისე რომ აღარაფრის ადგილი აღარ დარჩეს ჩემ გულში სიყყვარულის გარდა და გადაივსოს, თუნდაც მომკლას, ოღონდ გადაივსოს და სხვა არაფრის ადგილი დატოვოს - ოღონდაც, შენ არ მოკვდე!
2022 წ.“ - წერს კეშელავა.