პროექტში ცვლილებები ფასადურია - საკრებულოს ოპოზიცია გმირთა მოედანზე ცათამბჯენების პროექტს აკრიტიკებს
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე “ფონდი ქართუს” ცათამბჯენების პროექტის განხილვები 4 მაისს განახლდა. 4 მაისს მუნიციპალურ სამსახურს პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ხელახლა წარედგინა. პროექტის შესახებ განახლებული დოკუმენტაცია კომპანიამ 6 ივნისს წარადგინა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ერთ-ერთი მიმართულება, რაშიც ცვლილება შევიდა ცათამბჯენების სართულია. კერძოდ, თუ თავდაპირველი პროექტით ადგილზე მაქსიმუმ 65 სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობა იყო გეგმაში, დღეს სართულების მაქსიმალური ოდენობა 13 სართულით, 52-მდე არის შემცირებული.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წევრი ანა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები ხელშესახები არ არის და ფასადური ხასიათი აქვს. მისი თქმით, პროექტის განხორციელებით თბილისის შესაძლოა სატრანსპორტო გენეცოდის წინაშე დადგეს.
“პროექტის განხორციელება ძალიან დიდ რისკს შეიცავს, რადგან ქალაქის ისტორიულ ნაწილს განადგურება ემუქრება. ასევე ტრანსპორტის გამტარუნარიანობის თვალსაზრისით შეიძლება დავდგეთ სატრანსპორტო "გენოციდის წინაშე". ცვლილება ფასადურია, ამ მასშტაბის პროექტში 12 სართულის მოკლება მდგომარეობას არ ამსუბუქებს. ყველაზე დიდი აქცენტი ტრანსპორტზე კეთდება, რადგან გმირთა მოედანი ითვლება ყველაზე დატვირთულ და გამოუსწორებელ კვანძად ამ შემთხვევაში. ეს არის ფასადური ცვლილება, რომელსაც "ქართული ოცნება" გამოიყენებს იმისთვის, რომ გაამართლოს ეს პროექტი”,-ამბობს საკრებულოს წევრი.
“თუ გავივლით გმირთა მოედანზე უკვე თვალსაჩინო გახდება, რომ აქ ორი უზარმაზარი ცათამბჯენი პრობლემას გამოიწვევს. როგორც მშენებლობის პროცესში, ისე პროექტის დასრულების შემდეგ. ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ პრობლემას სატრანსპორტო კუთხით, რადგან ეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სატრანსპორტო კვანძია”,- ამბობს გიორგი შარაშიძე.
კომპანია ამ შეთხვევაშიც ითხოვს არსებული ფუნქციური ზონის (რეკრეაციული ზონა 2) ცვლილებას. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, არსებული რეკრეაციული ზონა 2 ჩანაცვლდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ით (სსზ-2).
ტერიტორიაზე ამჯერადაც არის მოთხოვნილი სპეციალური ზონალური გავრცელება, რომლის მიხედვითაც დამკვეთი საგამონაკლისო სახით საცხოვრებელი ფუნქციის k2 კოეფიციენტის 50%-იან მატებასა ითხოვს. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ნამატი 50%-ის 4% მუნიციპალიტეტს ან თანხის სახით, ან თეთრი კარკასის მდგომარებით გადაეცემა.
ამასთან, როგორც ცნობილია, ტრანსპორტისა და ურბანულმა სააგენტომ მარტში პროექტი დაახარვეზა, რასაც პირვანდელი გრგ-ს განხილვის შეჩერება და საქმის დახურვა მოჰყვა.
ტრანსპორტისა და ურბანულ სააგენტოს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა თავდაპირველად პროექტი გასული წლის 31 დეკემბერს წარუდგინა, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობას გულისხმობდა. ამონაწერის მიხედვით, "კოსტავას 69" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შვილობილია.
პროექტს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე "კოსტავას 69"-ს ორი ცათამბჯენის აშენება სურდა, რომლიდან ერთის სიმაღლე მაქსიმუმ 65 სართულით იყო განსაზღვრული.