სად გაძვირდა საცხოვრებელი უძრავი ქონება? - მიზეზები, რომლებიც უნდა იცოდეთ
ანგარიშსწორების საერთაშორისო ბანკის უახლესი მონაცემების მიხედვით, საცხოვრებელი ბინების ფასი ბოლო 3 წელია, ყოველწლიურად საშუალოდ 6%-ით იზრდება.
2022 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საცხოვრებლის ფასები 57 ქვეყანაში შეიცვალა და ქვეყნების უმეტეს ნაწილში ეს ცვლილება ფასების ზრდითაა გამოხატული.
უახლესი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში უძრავი ქონების ფასის ყველაზე მკვეთრი ზრდა თურქეთში ფიქსირდება. წლიურ ჭრილში თურქეთში ბინები 168%-ით გაძვირდა. ეს მაჩვენებელი ფასის ნომინალურ ცვლილებას აღწერს, რაც რეალური ცვლილებისგან განსხვავებით, ინფლაციას არ ითვალისწინებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ფასების ზრდის მიუხედავად, თურქეთში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ბოლო 2 წელია, მუდმივად მზარდია, რაც ძირითადად მთავრობის მიერ საპროცენტო განკვეთების შემცირებას უკავშირდება. როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის ბოლოს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა დასუსტებული ეკონომიკის აღდგენის მოტივით საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად, 19%-დან 8.5%-მდე შეამცირა.
ნომინალური თვალსაზრისით თურქეთის შემდეგ უძრავი ქონების ფასები ყველაზე მეტად 23.1%-ით რუსეთში გაიზარდა, ასევე 23.1%-ით ბინები გაძვირდა სერბეთში. 20.6%-იანი მაჩვენებლით მათ მოსდევს ჩრდილოეთ მაკედონია, ხოლო მეხუთე ადგილზე ხვდება ისლანდია, სადაც ერთწლიან ჭრილში ბინები 20.3%-ით გაძვირდა.
რეიტინგის ათეულში კი, საშუალო 16%-იანი ზრდის ნომინალური მაჩვენებლით ხვდებიან: ხორვატია (17.3%), ესტონეთი (16.9%), ისრაელი (16.8%), უნგრეთი (16.5%), და ლიეტუვა (16.0%).
აშშ-ში კი, საცხოვრებლის ნომინალური ფასები 2022 წელს საშუალოდ 7%-ით გაიზარდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ ნიშნულთან შედარებით, შტატებში საცხოვრებლის ფასი გაცილებით მეტად, დაახლოებით 45%-ით არის გაზრდილი.
უძრავი ქონების ფასებზე დიდ გავლენას ცხადია საპროცენტო განაკვეთები ახდენს. როგორც დგინდება, რეალური საპროცენტო განაკვეთის ყოველი პროცენტული პუნქტით გაზრდის პარალელურად, საცხოვრებლის ფასების ზრდის ტემპი დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტით იკლებს. სახლების ფასები კი, გლობალურად ყველაზე მეტად სწორედ პანდემიის დროს გაიზარდა, როდესაც ცენტრალურმა ბანკებმა ეკონომიკების გასაძლიერებლად საპროცენტო განაკვეთები შეამცირეს.
თუმცა ცხადია, საცხოვრებლის გაძვირების ერთადერთი მიზეზი ეს არ არის და ფასების ზრდის დინამიკაში თავისი წვლილი გაზრდილ მოთხოვნას, მშენებლობის ხარჯების ზრდასა და მუშახელის დეფიციტს აქვს.
წყარო: bm.ge