ეს იყო კეზერაშვილისა და ხოშტარიას ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა რესტორანში - ირაკლი კობახიძე რუბლების თავზე გადაყრაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, კობახიძე აცხადებს, რომ მისთვის რუსული რუბლების თავზე გადაყრა ელენე ხოშტარიასა და დავით კეზერაშვილის იდეა იყო.
"ეს იყო კოორდინირებული, როგორც თსუ-ში მოწყობილი პროვოკაცია, ასევე გუშინდელი პროვოკაცია ექვემდებარებოდა საერთო კოორდინაციას. დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ ამასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა არსებითად ორი მიმართულება. ეს იყო კოორდინირებული ჩიქოვანის, კეზერაშვილის ცოლის ძმის და ელენე ხოშტარიას მიერ.
ხოშტარიას აქვს თავის კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით, უნდა რომ სხვა მიმართულება მისცეს რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება - ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში. 5 მილიონი რუბლი ჩაერიცხა ცოტა ხნის წინ ხოშტარიას და ამ დღეებშიც გრძელდება თანხების მიღება. ეძებს ოჯახი ბათუმში ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას და ა.შ.
ერთი და იგივე კუპიურები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ თსუ-ში და პარლამენტში, ეს იყო კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორს და თსუ-ში მომხდარი პროვოკაციის ერთ ერთ თანამონაწილეს. პირდაპირ იყო ჩართული ამ პროვოკაციებში ტელეკომპანია ფორმულა, პირველში განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ჯერ ისინი მოვიდნენ და მერე მოვიდნენ სხვა პროვოკატორები. კეზერაშვილის სისხლიანი ფული იხარჯება ასეთ პროვოკაციებზე", - აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის, შაბათს თსუ-ში ლექციის დასრულების შემდეგ, კობახიძეს თავზე გადააყარეს რუსული რუბლები, ხოლო გუშინ, პარლამენტის შენობაში, ერთ-ერთმა მოქალაქემ იგივე გააკეთა.