ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი - ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება.
მისი თქმით, ამ ქმედებით პრეზიდენტმა ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა.
"შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ ვამბობდით, რომ გვქონდა იმედი, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია თავის დროზე....ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. რეალურად მან დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა ნიკა გვარამია. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი. და ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება და ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტმა საზოგადოება ღირსადაც კი არ ჩათვალა, რომ განემარტა მისი გადაწყვეტილების მიზეზები," - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა.