იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, მოიწიოს უშიშროების საბჭოს სხდომა.
"ეს ბრიფინგი მიეძღვნება რუსეთში არსებულ მოვლენებს, თუმცა მე არ ვაპირებ, კომენტარი გავაკეთო შიდა მოვლენებზე. მაინტერესებს მხოლოდ ის, რაც ჩვენ გვეხება. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, ვალდებული ვარ, დეტალურად გავეცნო იმ მოვლენების განვითარებას და მათ ყველა შესაძლო გავლენას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებზე. გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის გენერალ-მაიორ მათიაშილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე. სამწუხაროდ ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია ვერც ერთი სხვა პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან, ვერც შს მინისტრისგან, რომელსაც ევალება ჩვენი საზღვრის კონტროლი. ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან. ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელსაც პირდაპირ კანონით ევალება საგარეო საფრთხეების და რისკების განსაზღვრა. არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად ამ მდგომარეობა საგანგაშოა, როცა მსოფლიო ყურადღება მობილიზებულია არსებული მოვლენების მიმართ.
ამიტომ იძულებული ვარ, რომ საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო, მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხია, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ ფორმატში. დროს აღარ ითმენს, ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, მეორე არის სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, რომელიც არსებობს და ჩვენი პარტნიორები ამ სიებს აკონტროლებენ. ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, რამეთუ საზოგადოებამ, უნდა მიიღოს დროულად და დეტალურად ყველა მისთვის საჭირო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რათა დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება. არ შეიქმნას უსაფუძვლო შიშები, არც რაც ხშირად ხდება, როცა ინფორმაციის ვაკუუმია, ცრუ ინფორმაციების გავრცელება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით, ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი და ვორონეჟი. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ.