ჩემი შვილი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, მისთვის სულ ერთია, სად დააბრუნებენ, მოკლავენ, გადააგდებენ - გიული ალასანია
როდესაც 2-3 სიტყვას მეუბნება, ქოშინი ეწყება, გული ცუდად უხდება, წნევა ეწევა, ცუდად არის ადამიანი და ახლა მთელი ძალა მოიკრიბა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, რითაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ექიმები კლინიკაში სათანადოდ მკურნალობენ, თუმცა მისი მდგომარეობა მაინც მძიმეა.
„რაც ნახეთ, ვერ შეგიქმნით იმ შთაბეჭდილებას, რაც არის რეალურად. მე რომ შემომხედოთ ახლა და წარმოიდგინეთ, ჩემი ნახევარია. ყველაზე პატარა ზომა შარვალი რომ მიმაქვს ხოლმე, ისიც „დაკიდებულია“ და ვარდება.
შეხედეთ ჩემს ხელებს, ჩემი ნახევარი აქვს, წვრილი, საცოდაობა და კუნთის ნასახი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვი, ადამიანი არ ჭამსთქო - თითქოს ჭამს, მაგრამ ხორცს ვერ ჭამს, დანარჩენს ჭამს. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ექიმებს ხელი აქვთ აღებული და არ მკურნალობენ. მკურნალობენ, ყოველ წუთში შემოდიან, რაღაცას აძლევენ, გადასხმები გაუკეთდა. როგორც ჩანს, არაფერი მუშაობს, აი, რატომ არ მუშაობს, არ ვიცი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.