თეგებით ძიება

„დაყარეთ აგურები, დაუშვით მუშტები, მოეშვით ღრიალს და ადამიანების დევნას ქრისტეს სახელით!..“ - დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.

“შავმაისურიანი რჯულის დამცველების გასაგონად:

აი, ხვალ რომ დაინახავთ თუნდაც ცოდვილს, ურწმუნოს, ღვთისმგმობს და გაავებულნი აქეთ-იქით დაიწყებთ ყურებას აგურის მოსაძებნად, შესდექით და გაიხსენეთ რა უთხრა უფალმა გაავებულ პეტრეს, როცა მის დასაცავად მახვილამოღებული დაინახა. ეუბნება: მოაშორე ეგ მახვილი აქედან… ნუთუ გგონია, რომ შენი დახმარება ან დაცვა მჭირდება?! ნუთუ გგონია, რომ არ შემიძლია ვთხოვო ჩემს ზეციურ მამას და ამწამსვე მომივლენს ანგელოზთა 12 მებრძოლ ლეგიონს დასახმარებლად?! ნუთუ გგონია, რომ ამ ჩემი მტრებისგან რამე დარჩება, მათი განადგურება რომ მსურდეს?! რომ მოვსპო ესენი, როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს? (მთ. 26, 52-54)

ე.ი. უფალი არ სპობს მათ, რადგან ასე უნდა მოხდეს. ისმის კითხვა: რა უნდა მოხდეს ასე? ისევ უფალი გვპასუხობს იოანეს გამოცხადებიდან: მოცემულია დრო წყალობისა და ვაცალოთ, “უსამართლო კვლავ უსამართლობდეს ჯერ, ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს ჯერ, მართალი კვლავ მართლობდეს ჯერ და წმიდა კვლავაც წმიდობდეს ჯერ. აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს.” (გამოცხ. 22,11-12) ანუ მოეშვით ჩემს დაცვას, მიხედეთ თქვენს ცოდვებს და თქვენს სიწმინდეს, მოვალ მალე და მე მივაგებ მაშინ თითოეულს მისი საქმისამებრო, ამბობს უფალი.

გაიხადეთ ეგ შავი მაისურები, დაყარეთ აგურები, დაუშვით მუშტები, მოეშვით ღრიალს და ადამიანების დევნას ქრისტეს სახელით (მას ეს არ გაუკეთებია), დაკავდით წიგნებით, სპორტით, სიკეთით და სიყვარულით. თუ არა და როგორც თქვენ სდევნით სხვა ადამიანს, ისევე იქნებით დევნილნი ღმერთისგან, რადგან თავად ცოდვილებმა გაბედეთ მის მსჯავრში ჩარევა”, - წერს დეკანოზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა