თეგებით ძიება

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ დაღუპული ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს ცრუ ჩვენების მიცემისთვის 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიაშვილმა მას სასჯელის უმაღლესი ზომა დააკისრა. ინასარიძის ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

„სრულიად უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მილიონპროცენტიანი ვარ დარწმუნებული. არასოდეს მისაუბრია ამ ტონით, მაგრამ ეს იყო დაკვეთილი ასპროცენტიანი, სხვანაირად ამის ახსნა არ შემიძლია. ეს იყო ცაში რაღაცის გავარდნა, მოულოდნელი არ ჰქვია ამ გადაწყვეტილებას. ასეთი შედეგი არ შეიძლებოდა, არაფრით“, - ამბობს ვათიაშვილი და ამატებს, რომ გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ვიოლეტა ინასარიძემ მანამდე სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტებს ცრუ ინფორმაცია კლინიკის მოთხოვნით მიაწოდა. მაშინ მან თქვა, რომ მეგი ბაქრაძის შეუძლოდ გახდომის დროს ადგილზე იყო და ადრენალინიც დროულად გაუკეთა. მოგვიანებით კი პოლიციაში ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია.

ვიოლეტა ინასარიძე არის ადამიანი, რომელმაც 2021 წლის 18 მარტს, როცა მეგი ბაქრაძე ვაქცინაციის შემდეგ ცუდად გახდა, ახალგაზრდა ქალისთვის დახმარება უნდა აღმოეჩინა.

პროკურატურის მტკიცებით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ვიოლეტა ინასარიძემ მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ნახა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.

ინასარიძეს, ასევე, ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის მტკიცებით, ის ფაქტი, რომ ვიოლეტა ინასარიძემ დაყოვნების ოთახი დატოვა, დადგენილი არ არის და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის.

ვიოლეტა ინასარიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა