კანისთვის ნიღბებს, კრემებს ვიყენებ, ასევე - თვალის "პაჩებს", სიბერის მეშინია - რას ამბობს რეზი ქირია პირადზე?
რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის მონაწილე, რეზი ქირია პირადი ცხოვრების შესახებ ჟურნალ "გზასთან" საურბობს.
- რა ტიპის ბიზნესი გაქვთ?
- მაღაზიები, "დრაივები" მაქვს.
- ახლა თავს როგორ გრძნობთ?
- ძალიან კარგად. პროექტიდან გამოსვლის შემდეგ, ჩემ გარშემო ბევრი ადამიანია, ვისაც შევუყვარდი - "პრაიმ ჰაუსიდან" ისეთი გამიცნეს, როგორიც სინამდვილეში ვარ. ბევრი გულთბილი კომენტარი მომდის, მხარს მიჭერენ...
- გარეგნობაზე განსაკუთრებული ზრუნვა როდის დაიწყეთ?
- ბავშვობიდანვე. მომწონს, როცა კარგად, განსხვავებულად მაცვია. ჩემი "ხედვები" მაქვს, რაღაცებს ვხატავ, ვწერ... მოკლედ, ჩემი სამყარო მაქვს.
- პროფესიით ვინ ხართ?
- ეკონომისტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე.
- რეზი, თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევთ?
- კი, რატომაც არა? ყველას თავისი აზრი აქვს. პირადად მე, როგორი სამოსიც მაცვია, მომწონს. ვფიქრობ, გემოვნებიანად მაცვია.
- თქვენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა ვინ მოახდინა?
- სხვათა შორის, ჩემს ჩაცმულობას საქართველოში ხალხი სხვაგვარად აღიქვამს, მაგრამ მთავარია, თავად მომწონდეს და თავს კომფორტულად ვგრძნობდე... ზეგავლენას რაც შეეხება, არავის მოუხდენია - თავისთავად ჩამომიყალიბდა ისეთი, როგორიც მინდოდა.
- მახსოვს, დედათქვენმა აღნიშნა, რომ თურმე, თქვენი ბაბუაც, მამაც ყოველთვის მოწესრიგებული, შარვალ-კოსტiუმში გამოწყობილი დადიან...
- ალბათ, ეს უკვე გენური თვისებებია (იცინის). მამას და ბაბუას შარვალ-კოსტიუმი უყვართ, კლასიკური სტილის სამოსი მოსწონთ... გარკვეულწილად, ალბათ, იმ გარემომ, როგორშიც გავიზარდე, ჩემზეც მოახდინა ზეგავლენა.
- თქვენს ბოტასთან დაკავშირებული სასაცილო ეპიზოდი მახსოვს. ბევრი სპორტული ფეხსაცმელი გაქვთ?
- კი, მაქვს ბოტასებიც, თავისუფალი სტილის ფეხსაცმელებიც... კლასიკურ-სპორტული ჩაცმულობა მომწონს. წვეტიანი "ტუფლებით" არ დავდივარ.
- გარშემო მყოფები რჩევებს ყველაზე ხშირად, რასთან დაკავშირებით გეკითხებიან?
- მაგალითად, ჩაცმულობასთან, ბიზნესთან დაკავშირებით. აინტერესებთ, საქმე როგორ დავიწყე...
- ჩვენც გაგვანდეთ - როგორ დაიწყეთ თქვენი ბიზნესი?|
- ბანკიდან სესხი გამოვიტანე. მაშინ პოლიციაში ვმუშაობდი, ხელფასი მერიცხებოდა... სესხი უკვე გადახდილი მაქვს. ნელ-ნელა ბიზნესს ვაფართოებ.
- სახის კანზე, სხეულის ფორმაში ყოფნაზე როგორ ზრუნავთ?
- სიბერის მეშინია. არ მინდა, დავბერდე. მსურს ისეთი ვიყო, როგორიც ახლა ვარ. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ - თავს ვუვლი. სიბერე მაინც მოგვიწევს, მაგრამ ახალგაზრდობის პერიოდს ვიხანგრძლივებ, როგორც შემიძლია - კანისთვის ნიღბებს, კრემებს ვიყენებ, ასევე - თვალის "პაჩებს"... არ ვვარჯიშობ, რადგან კარგი სმა-ჭამა და დალევა მიყვარს. ასეთ შემთხვევაში, ვარჯიშს აზრი არ აქვს: ან ერთი უნდა აკეთო, ან - მეორე. მე სმა-ჭამა და დალევა მირჩევნია, მით უმეტეს - ისეთი ტანი არ მაქვს, რომ ჭარბი წონა მაწუხებდეს.
- თქვენი საყვარელი კერძი რომელია?
- ჩაქაფული ძალიან მიყვარს!
- თავადაც ამზადებთ?
- ჩაქაფულს - ვერა, მაგრამ სხვა კერძების მომზადება შემიძლია. საერთოდ, მირჩევნია, "ლაქშერულად" ვიჯდე და სხვისი მომზადებული კერძები მივირთვა, ვიდრე თავად ვამზადო (იცინის).
- თქვენს სახლს რაც შეეხება, მის მოწყობაში თქვენი გემოვნებით თუ არის შეტანილი გარკვეული შტრიხები?
- რა თქმა უნდა. ეზო მაქვს მოწყობილი. მცხეთაში ვცხოვრობ. ბუნება მიყვარს. მარადმწვანე ხეები მაქვს, რომ ზამთარ-ზაფხულ მწვანე იყოს. დილაობით ამ გარემოს ყურება ძალიან მაბედნიერებს.
- გოგონები კომპლიმენტებს ხშირად გეუბნებიან?
- კი. მგონი, კომპლიმენტებს ყველას - გოგონებსაც და ბიჭებსაც ეუბნებიან. ყველას თავისი შეხედულება აქვს.
- ძირითადად, ქათინაურს რასთან დაკავშირებით გეუბნებიან?
- ჩაცმულობასა და გარეგნობასთან დაკავშირებით.
- თავად როგორი გოგონები მოგწონთ?
- ბევრნაირი. შეიძლება, გოგონას თვალები ან ტუჩები, ან - ფეხები მომეწონოს (იცინის)... კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ უფრო შავგვრემანი გოგონები მომწონს.
- "პრაიმ ჰაუსის" სამივე სეზონის მონაწილე გოგონებიდან, ყველაზე სექსუალურად, მიმზიდველად ვინ მიგაჩნიათ?
- მგონია, რომ ყველა გოგო სექსუალური და მიმზიდველია. ვერავის დავასახელებ, რადგან მგონია, ეწყინება ან ერთს, ან - მეორეს, მესამეს, მეოთხეს... ყველას თავისი სილამაზე და სექსუალურობა აქვს.
- ოჯახის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება რა ასაკში მიიღეთ?
- 21 წლის ვიყავი. მერე, როცა ადამიანი იზრდება, მისი შეხედულებები და საერთოდ, ბევრი რამე იცვლება. წყვილი ერთმანეთს ვეღარ "ემთხვევა" და კონფლიქტი იქმნება. ქორწინების შესახებ ჩემი გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიმაჩნია, მაგრამ იმ ადამიანისგან შვილები მყავს. ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდა მამა ვარ: ახლა ჩემი უფროსი გოგონა 12 წლის გახლავთ, მე - 35-ის. შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. განქორწინებული ვარ, მაგრამ ბავშვები ჩემთან მომყავს, მიმყავს...
- თქვენს მუსიკალურ გემოვნებაზე რას გვეტყვით?
- მძიმე როკის და ოპერის გარდა, ყველაფერს ვუსმენ. უფრო მეტად ფანოღი, "დიმპიტაურ-დამპიტაური" სიმღერები მომწონს, რაც დალევასა და სმა-ჭამას უხდება (იცინის). ჩემს "ტიკტოკ" კონტენტს კი ეტყობა, ხშირად როგორ მუსიკასაც ვუსმენ.
- თქვენი აზრით, როგორი ადამიანია გოიმი?
- გოიმად გაუნათლებელი ადამიანი მიმაჩნია.
- ზაფხულობით დასვენებას სად ამჯობინებთ?
- საზღვარგარეთ. საზღვაო კურორტებს ვსტუმრობ. სიცივე არ მიყვარს. ამიტომ თბილ ქვეყნებში წასვლას ვამჯობინებ. ზღვა, სიწყნარე, იქაური კერძების გასინჯვა, კულტურის გაცნობა მიყვარს... ახლა შარმ-ელ-შეიხში ვაპირებ გამგზავრებას...
წყარო - "გზა"