ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს მკურნალობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებშიც დაუფინანსდებათ
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება. ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს.
"უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, წინასწარი ბაზრის კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.
პროექტის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც, გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ, უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
მთავრობის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები თვის ბოლომდე გაფორმდება, რის შემდეგაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, სამედიცინო მომსახურებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ - ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში საჭიროების მიხედვით მიიღებენ.