შარშანდელთან შედარებით, საზამთრო ორჯერ გაძვირდა - რამ განაპირობა პროდუქტის გაძვირება
„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, საქართველოში საზამთრო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ უფრო ძვირად იყიდება - 1 კილოგრამი პროდუქტი 0,70 ლარი ღირს. გასულ წელს კი მისი ღირებულება კილოგრამზე 0,30 ლარი იყო.
როგორც წესი, ქართული საზამთროს 80% კახეთში მოდის. EastFruit-ის ინფორმაციით, წელს მიწოდების მოცულობა დაბალი იქნება, რადგან კახეთში ბევრი ფერმერი საზამთროდან ხორბლის მოყვანაზე გადავიდა. მიზეზი ფასებშია - შარშან ხორბლის ფასი საკმაოდ მაღალი იყო.
დიდი როლი ითამაშა საზამთროს იმპორტმაც - მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყანამ 849,7 ათასი დოლარის ღირებულების 2 811 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. (საგარეო ვაჭრობის პორტალზე საზამთროს იმპორტზე მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი).
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ასე გამოიყურება:
• ირანი - 656,2 ათასი დოლარის ღირებულების 2 167 ტონა
• თურქეთი - 186,4 ათასი დოლარის ღირებულების 640 ტონა
• ნიდერლანდები - 7 ათასი დოლარის ღირებულების 4 ტონა
უახლოეს მომავალში ბაზარზე დასავლეთ საქართველოდან საზამთროს შემოსვლას ელოდებიან, რაც, სავარაუდოდ, ფასებზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.