სააკაშვილი იქნება მოწინავე, ვინც ივანიშვილის, რუსული პარტიის დამარცხებაში ლომის წვლილს შეიტანს - ლევან ხაბეიშვილი
უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“ - დიახ, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის, რუსული პარტიის დამარცხებაში ლომის წვლილს შეიტანს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, "გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გაიმარჯვებენ რუსულ პარტიაზე.
"მიხარია, რომ ის ადამიანები ხართ აქ, ვისაც ერთხელ უკვე დაგიმარცხებიათ რუსული პარტია საქართველოში. აქ ის მაჟორიტარები არიან, ვინც „რუსული ოცნება“ დაამარცხა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. დიახ, თქვენ ხართ გამარჯვების ფორმულა, თქვენ ხართ "ნაციონალური მოძრაობა", ვისაც ერთხელ მაინც გყავთ დამარცხებული რუსული პარტია. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“ - დიახ, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის, რუსული პარტიის დამარცხებაში ლომის წვლილს შეიტანს. დიახ, მიხეილ სააკაშვილის გარშემო, "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, დარწმუნებული ვარ, ასეთი მრავალი იქნება, ერთად გავიმარჯვებთ რუსულ პარტიაზე.
ივანიშვილი ბიტკოინებიდან მილიარდებს იპარავს და წელიწადში ივანიშვილი-მამაცაშვილი-ხიდაშელი-ფარცხალაძე 10 მილიარდამდე ლარს ჰპარავს მოსახლეობას. ჩვენ ვამბობთ, რომ მოპარვის ნაცვლად, ტარიფები იმ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, რა ნიშნულზეც იყო. შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიაში იხდით 18-22-26 თეთრს, ივანიშვილი კი - 8 თეთრს. ჩვენი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება, მოვემსახუროთ ჩვენ ხალხს“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.