გახარიასაც ვესაუბრები, კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს - ქმნიან თუ არა "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას?
ქმნიან თუ არა "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას - ეკა ბესელია ადასტურებს, რომ იდეა გაერთიანების შესახებ არსებობს და ამ თემაზე გარკვეული საუბრები მიდის.
კონკრეტული გვარების დასახელებისგან პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ გიორგი გახარიასთან ამ თემაზე საუბარი ჰქონდა.
"ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი იდეა, რამდენიმე ადამიანს, ვისაც აქვს გამოცდილება, იყო "ოცნების" სადავეებთან და ვინც იბრძოდა რომ ყოფილიყო თავისუფლების მაღალი სტანდარტი - ბევრს აქვს სურვილი, აპირებენ იყვნენ აქტიურად მონაწილეები მომავალი წლის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. თავად გახარიასაც ვესაუბრები,კონსულტაციები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, მე ამ პროცესს ვეხმარები და ხელს ვუწყობ,"- აცხადებს პარტია ”სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ეკა ბესელია.
გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებისთვის ახალი პარტიის შექმნა იგეგმება, რომელშიც შესაძლოა გაერთიანდნენ ეკა ბესელია, გია ხუხაშვილი, გიორგი გახარია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედი ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე, თამარ ჩუგოშვილი და ზვიად ძიძიგური. პოლიტიკური გაერთიანების კიდევ ერთ სავარაუდო წევრად საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სახელდება, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა მომავალ წელს ეწურება. "ქართული ოცნება" საკითხს სერიოზულად ვერ განიხილავს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ერთად 1%-ს ვერ აიღებს.