თეგებით ძიება

ფრთხილად! ეს ორი აპლიკაცია ჩვენს მონაცემებს იპარავს, ახლავე წაშალეთ - რა ინფორმაცია ვრცელდება?

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Google Play-ზე ორი საზიანო აპლიკაცია აღმოაჩინეს. ისინი ერთსა და იმავე დეველოპერს ეკუთვნის და ჯამში 1.5 მილიონჯერ გადმოწერეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მიგნებების თანახმად, ეს აპლიკაციები მომხმარებლებისგან ზედმეტ, მუშაობისთვის არასაჭირო, მონაცემებს აგროვებს. მეტიც, მომხმარებლის ჩართულობის გარეშეც შეუძლია გააქტიურდეს და  პირადი მონაცემები ჩინეთში არსებულ სერვერებს გაუგზავნოს.

აღნიშნული აპლიკაციებია File Recovery & Data Recovery და File Manager. Google Play Store-იდან უკვე ორივე მათგანი ამოშლილია.

File Recovery & Data Recovery (მოწყობილობებში მას com.spot.music.filedate სახელით ამოიცნობთ) აპლიკაციას დაახლოებით მილიონი გადმოწერა აქვს, File Manager-ს (com.file.box.master.gkd.) კი — 500 ათასი. პროგრამები უსაფრთხოების კომპანია Pradeo-მ აღმოაჩინა.

ორივე აპლიკაციის აღწერაში აღნიშნულია, რომ ისინი მომხმარებლისგან არანაირ მონაცემებს არ აგროვებს.

როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში მათ მობილურიდან შემდეგი მონაცემები შეუძლია ამოიღოს:

მომხმარებლის საკონტაქტო პირთა სია — როგორც მოწყობილობის მეხსიერებიდან, ასევე დაკავშირებული მეილებიდან და სოციალური ქსელებიდანაც;

სურათები, აუდიოჩანაწერები და ვიდეოები, რომელთაც ამ ამ აპლიკაციებით ვმართავთ ან აღვადგენთ;

მომხმარებლის ადგილმდებარეობა რეალურ დროში;

ქვეყნის სატელეფონო კოდი;

ქსელის პროვაიდერის სახელწოდება;

SIM პროვაიდერის ქსელის კოდი;

ოპერაციული სისტემის ვერსიის ნომერი;

მოწყობილობის ბრენდი და მოდელი.

ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი მონაცემი აპლიკაციის დამაკმაყოფილებელი მუშაობისთვისაა საჭირო. მიუხედავად ამისა, ფაილების მართვას ან მონაცემების აღდგენას შეგროვილი ცნობების უმრავლესობა საერთოდ არ სჭირდება. უარესია ისიც, რომ ყველა ეს მონაცემი საიდუმლოდ, მომხმარებლის ყოველგვარი ნებართვის გარეშე გროვდება.

Pradeo-ს ცნობით, ეკრანზე ამ აპლიკაციების ხატულები დამალულია, რათა მათი პოვნა და წაშლა გართულდეს. შესაძლოა, პროგრამებმა ინსტალაციისას მომხმარებლის მხრიდან მიღებული ნებართვები ბოროტად გამოიყენოს, რათა მოწყობილობა ხელახლა ჩართოს და ფონურ რეჟიმში გაეშვას.

შესაბამისად, მსგავსი რისკებისგან თავდასაცავად უმჯობესია, კიბერჰიგიენა დავიცვათ: რაიმეს გადმოწერამდე ჯერ სხვა მომხმარებელთა შეფასებები შეამოწმეთ; დააკვირდით, რა ნებართვების გაცემას მოითხოვს აპლიკაცია თქვენგან; მხოლოდ ისეთ პროგრამებს ენდეთ, რომლებიც კარგი რეპუტაციის მქონე დეველოპერებმა შექმნეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა