"თუ უკრაინას დახმარება არ მოუმატეს, მხოლოდ ჯარისკაცის მამაცობის ხარჯზე არაფერი გამოვა” - ამირან სალუქვაძე
სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს.
მისი თქმით, თუ უკრაინას დახმარება არ მოუმატეს, მხოლოდ ჯარისკაცის მამაცობის ხარჯზე არაფერი გამოვა.
"Fitch-მა ამერიკის რეიტინგი AAA-დან AA+ დონემდე შეამცირა, სახელმწიფო ვალის ზრდის, რეცესიის რისკის გამო და ათასი რამის გამო. ბოლოს 2011 წელს მოხდა იგივე, ოღონდ სხვა რეიტინგმა შეუმცირა. საგანგაშო კი არაა, მაგრამ მაინც…
რუსეთის ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდებაო. ჰოდა, რაღაც მთლად ისე ვერაა. თუმცა რუბლი დოლართან ისევ გაექცათ, 90-ს გადასცდა, ევრო 100-ს ზემოთ…
ომს ჯერ დასასრული არ უჩანს. თუ უკრაინას დახმარება არ მოუმატეს, მხოლოდ ჯარისკაცის მამაცობის ხარჯზე არ გამოვა. წავიკითხე პეტრეუსის და სხვების შეფასებები. მაკვირვებენ. ცალკე დავწერ.
ნიგერის სამხედრო მმართველობას გაერომ ერთი კვირა მისცა ვადა კანონიერი ხელისუფლების დასაბრუნებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო ჩარევას არ გამოვრიცხავთო. ესეც საინტერესო თემაა.
რუსეთის აფრიკაზე გადართვაც საინტერესო თემაა. ევროპისთვის ალტერნატიული რესურსების თემაა.
დიდი ტექსტების კითხვა ამ ზაფხულში ვის უნდა?! ორ სიტყვაში კი ვერ ჩაეტევი. არც მე მაქვს ამ სიცხეში წერის თავი", - წერს ამირან სალუქვაძე.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.