"გაქოცებულო რაჭველებო, თქვენ ვერ დაიცავით რაჭა, სოციალურზე გაცვალეთ ღმერთის მიერ ბოძებული ნამდვილი ბუნების საოცრება და საჩუქარი“ - მეგი გოცირიძე
ყოფილი დეპუტატი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შოვის სტიქიას ეხმაურება.
"ივანიშვილის კომპანია ატუს მიერ უმოწყალოდ გაჩანაგებულ რაჭის ტყეებზე, რამდენიმე ვიდეო მაქვს გამოქვეყნებული, მათ შორის ჩემი გადაღებული, ვამბობდი გარდაუვალი იქნებოდა ის, რაც დღეს მოხდა, მაგრამ რად გინდა, რაჭველები დღეს მოვლენ აზრზე მაქსიმუმ ზეგამდე, მერე კვლავ-ქვე შენი ჭირიმე, საღათას ძილს მიეცემიან, ჯერ სად ვართ, ხიდაშელს ებარებოდეთ გაქოცებულო რაჭველებო, თქვენ ვერ დაიცავით რაჭა, 11 წელი თვალწინ გიოხრებდნენ ქვეყნის სასიცოცხლო არტერიას. გიჩანაგებდნენ და ხმას არ იღებდით, სოციალურზე გაცვალეთ ღმერთის მიერ ბოძებული, ნამდვილი ბუნების საოცრება და საჩუქარი, ბრავო!!!“, - წერს მეგი გოცირიძე.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.
სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიის ზონიდან 80-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.