თეგებით ძიება

კარგია, რომ მთავრობა კურორტების კეთილმოწყობას ცდილობს, მაგრამ ინჟინრებს, ინჟინერ-გეოლოგებს და მორფოლოგებს უნდა მოუსმინოს - ვაჟა კაკაბაძე

„კარგია, რომ მთავრობა გზების გაყვანას და კურორტების კეთილმოწყობას ცდილობს, მაგრამ ცოტა ინჟინრებს, ინჟინერ-გეოლოგებს და განსაკუთრებით, მორფოლოგებსაც უნდა მოუსმინოს, იმიტომ, რომ სწორედ მორფოლოგები სწავლობენ მეწყრულ ზონებს“, - ამის შესახებ TIA.GE-ს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ინჟინერ-გეოლოგმა, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა და ფაზისის აკადემიის წევრმა, ვაჟა კაკაბაძემ განუცხადა.

„რაჭაში, მდინარე ბუმბურას წყალმოვარდნები და ღვარცოფები ყოველთვის ახასიათებდა. ის ახალი გაკეთებული ხიდი, რომელიც მდინარემ წაიღო, ცოტა მაღალი რომ ყოფილიყო, შეიძლება გაეტარებინა. 

კარგია, რომ მთავრობა გზების გაყვანას და კურორტების კეთილმოწყობას ცდილობს, მაგრამ ცოტა ინჟინრებს, ინჟინერ-გეოლოგებს და განსაკუთრებით, მორფოლოგებსაც უნდა მოუსმინოს, იმიტომ, რომ სწორედ მორფოლოგები სწავლობენ მეწყრულ ზონებს.

ჩვენთან ინახება ძალიან დიდი მასალა, სადაც მეწყერი კარგად ჩანს. საერთოდ, მეწყერი სხვადასხვანაირი არსებობს - არსებობს მიძინებული და არსებობს მოქმედი. რა თქმა უნდა, თვალით ვერ შეამჩნევთ, მაგრამ მოქმედი მეწყერი მუდმივად მოძრაობაშია და როცა ის ასეთ ჩქარ მდინარეებთან კავშირშია, ყოველთვის ტრაგიკულ შედეგებს იწვევს. ყველა პროცესს მეცნიერული კვლევა და ახალი ხედვა ჭირდება. მორფოლგია დროში იმდენად ნელა იცვლება, რომ სრულიად საკმარისია ძველი გამოკვლევების ნახვა, რომ მიხვდე რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. ვინც მდინარის გასწვრივ კოტეჯები ააშენა, ნახავდა, რომ იმ ტერიტორიაზე რიყის ქვები შემოსულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მდინარეს რაღაც პერიოდში ეს ტერიტორია დაკავებული ჰქონდა და ნიშანი დატოვა - ეს ადგილი ჩემია და ადრე თუ გვიან მოვალო.

მეცნიერული გამოკვლევებიც რომ არა, დაკვირვებული თვალიც მიხვდება, რომ იქ კოტეჯების აშენება არ შეიძლება. დიახ, ურემი რომ გადაბრუნდება, რაღაცებს ვსწავლობთ, მაგრამ მერე გვავიწყდება. აბა რით ავხსნათ, რომ მდინარე ვერეს ხეობაში ისევ სახლები შენდება? ამიტომ ნუ გვიკვირს, რომ ჩვენს უდიერ დამოკიდებულებას ბუნება მკაცრად პასუხოს და სანამ გონს არ მოვეგებით, სამწუხაროდ, ასე გაგრძელდება. და ბოლოს, შოვის ტრაგედია კიდევ ერთი დასტურია, რომ რაჭაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დაუშვებელია. ჯერ ისედაც ყველა მზის ენერგიაზე გადადის იმიტომ, რომ უსაფრთხოა და თანაც რაჭის არამდგრადი ქანების პირობებში მსგავსი რაღაცეების კეთება ძალიან საშიშია. როცა ადამიანი რაღაცებს ვერ ხვდება, ბუნება მკაცრ გაკვეთილებს უტარებს და ასეც მოხდა“, - განაცხადა კაკაბაძემ.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა