“მაშინაც კი, როცა რაიმეს თავიდან არიდება შეუძლებელია, შესაძლებელია მსხვერპლის თავიდან აცილება ან მისი შემცირება” – რომან გოცირიძე
დეპუტატი, რომან გოცირიძე შოვში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„კატაკლიზმები ყველა ქვეყანაში ხდება და მისი არიდება შეუძლებელიაო-ესაა მთავრობის პოზიცია.
მაშინაც კი, როცა რაიმეს თავიდან არიდება შეუძლებელია, შესაძლებელია მსხვერპლის თავიდან აცილება ან მისი შემცირება. ეს განასხვავებს კორუმპირებულ და ჯანსაღ ხელისუფლებებს ერთმანეთისაგან.
სადაც არის დემოკრატია, იქ რესურსები უკეთესად ნაწილდება და უკეთესი გადაწყვეტილებებიც მიიღება.
უვარგისი ხელისუფლება, მით უმეტეს, კლანური და არაფორმალური, არის პოტენციურად მკვლელიც. ეს არ ეხება მხოლოდ სტიქიურ უბედურებებს, მაგალითად, გაუმართავი ჯანდაცვის სისტემაც მკვლელი შეიძლება იყოს.
სიღარიბეც კლავს.
ევროკავშირის რომელ ქვეყანაში იგუდება ხალხი გაზით? არსად. 600-ზე მეტი ადამიანია მკვდარი ბოლო 25 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გაზის მიწოდება აღდგა, ანუ საშუალოდ ყოველწლიურად 25 კაცი. იმ ხელისუფლებების დროსაც ხომ ხდებოდაო, იტყვიან ამაზე ახლა. კი, ხდებოდა, მაგრამ იმის შემდეგ 11 წელი გავიდა და 150 მილიარდი ლარი იყო ბიუჯეტის ჯამური ხაჯები ამ თერთმეტ წელიწადში. ასეულ მილიონობით კი არა, მილიარდობით ფულია გაფლანგული და მოპარული. რამდენიმე ვერტმფრენი რა გახდა მთიანი ქვეყნისთვის.
მთავრობაა ბევრ რამეზე პასუხისმგებელი, მათ შორის ვერეზე და შოვში მომხდარ სტიქიურ უბედეურებებზე მოუმზადებელი და არასწორი რეაგირების გამოც.
როცა ქვეყანას ერთი ცალი ისეთი ვერტმფრენიც კი არა ჰყავს, რომელსაც ღამით ფრენა შეუძლია, ვინაა პასუხისმგებელი თუ არა ხელისუფლება?“ - წერს გოცირიძე.