სტიქიის ზონაში 90-მდე მძიმე ტექნიკა 8 ძირითად მდებარეობაში აგრძელებს სამუშაოებს - ირაკლი ქარსელაძე
90-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობს, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე. ტექნიკა დაემატება, რათა სამძებრო სამუშაოებისთვის არეალი გაფართოვდეს. ამ ეტაპზე 8 ძირითად ლოკაციაზე ვმუშაობთ, მოხერხდა წყლის ხიდის ქვეშ გადაგდება, რამაც სამუშაო არეალის გაფართოების საშუალება მოგვცა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული შეკრების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მაშველების ზედამხედველობით და მითითებით, შველა-ძიების სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ დროისთვის, მთავარი ძალისხმევა ე.წ კოტეჯების ტერიტორიაზეა მიმართული, თუმცა სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს ჩამოწოლილი მეწყრის მიწის მასის შემადგენლობა.
„მაშველები, ჯარი, ყველა ის ადამიანი, ვინც პროცესშია ჩართული, ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. ასევე, აღნიშვნის ღირსია საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები და თითოეული ის ოპერატორი, რომელიც მძიმე ტექნიკაზე მუშაობს, დიდი მადლობა მათ ასეთი თავდადებისთვის, რასაც ამ დღეების განმავლობაში ავლენენ და არსებულ რთულ პირობებში ახერხებენ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებას. რა თქმა უნდა, სამუშაოები გრძელდება და ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.