საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული - ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური განცხადება
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს. ასევე, მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან, ახალი შტამის დადასტურების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა. ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში კოვიდ-19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს „ომიკრონის“ ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების ან მძიმე დაავადების განვითარებას. ამდენად, იგი არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და იმართება სტანდარტული პროტოკოლებით“, - აცხადებენ სამინისტროში.