აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ - ინფორმაცია მათთვის, ვისაც დაგროვებითი პენსია აქვს
საპენსიო დანაზოგის ინვესტირების წესი იცვლება - ამ დრომდე, დანაზოგის დიდი ნაწილი ბანკების დეპოზიტებზე და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში იყო განთავსებული.
ცვლილების ამოქმედების შემდეგ 6 სექტემბრიდან კი მოქალაქეების კუთვნილი თანხები, მათი სურვილის შემთხვევაში, სამი სახის პორტფელში გადანაწილდება. საუბარია მაღალ, საშუალო და დაბალრისკიან პორტფელებზე. მოქალაქეებს პორტფელის შეცვლის უფლება წელიწადში ერთხელ ექნებათ.
"დაგროვეითი პენსიის შესახებ" კანონის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა და ამ პერიოდში საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მთლიანად ხორციელდებოდა ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. 6 აგვისტოდან კი საპენსიო სქემის მონაწილეებს მიეცათ 1 თვიანი ვადა, რომელიც 6 სექტემბერს იწურება და ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, დასაქმებულებს თავად შეუძლიათ აირჩიონ რომელ პორტფელში მოხდება მათი საპენსიო დანაზოგების ინვესტირება.
ის დასაქმებულები, რომლებიც თავად არ აირჩევენ სასურველ პორტფელს, ასაკის შესაბამისად, ავტომატურად გადანაწილდებიან სხვადასხვა პორტფელში. საინტერესოა ისიც, რომ საპენსიო სქემაში ჩართულ დასაქმებულებს, საინვესტიციო კატეგორიების შეცვლის უფლება ეძლევათ წელიწადში ერთხელ და როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, გრძელვადიან პერსპექტივაში საერთაშორისო აქციებში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა კაპიტალის გაზრდისთვის, ისევე როგორც მყიდველთუნარიანობის შენარჩუნებისთვის. მთავარი სხვაობა ამ პორტფელებს შორის აქტივების გადანაწილებაა, რაც, თავის მხრივ, გრძელვადიან პერიოდში განსხვავებულ მომგებიანობასთან არის დაკავშირებული.
ნაკლებად რისკიან პორტფელში, დაგროვებული დანაზოგები კი ინვესტირდება საპროცენტო ინსტრუმენტებში, როგორებიცაა საბანკო ანაბრები და ობლიგაციები. 6 სექტემბრიდან ახალი წესის მიხედვით უკვე გადანაწილებული და დადგენილი იქნება ასაკობრივი ზღვარიც.
რატომ უნდა აირჩიოს სქემის მონაწილემ შერეული ან მზარდი საინვესტიციო პორტფელი - საპენსიო სააგენტოში ამ თემაზე განმარტავენ, რომ დანაზოგი, თავისი შინაარსით განსხვავდება ჩვეულებრივი დანაზოგისგან, მთავარი სხვაობა კი შეიძლება ითქვას რომ არის საინვესტიციო ჰორიზონტი", - ნათქვამია ინფორმაციაში.