“ომი შესაძლოა, უკრაინის სახელმწიფოს გაქრობით დასრულდეს” – დიმიტრი მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ დასავლეთი ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს და იმის ნაცვლად, რომ 2008 წლის ომისგან გაკვეთილი ესწავლა, რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში დაიწყო. ამის შესახებ მედვედევმა 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით დაწერილ სტატიაში ამბობს.
“ჰიბრიდული”, მაგრამ აბსოლუტურად სრულფასოვანი და სისხლიანი ომი, რომელსაც ნატო ახლა ჩვენს წინააღმდეგ უკრაინაში კიევის რეჟიმის ხელით აწარმოებს და რომელშიც ჩვენი ოპონენტები ყურებამდე არიან ჩაძირულები, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დასავლეთი ერთი და იგივე შეცდომას იმეორებს და გაკვეთილები არ გამოაქვს, რადგან შედეგი კარგად პროგნოზირებადია. რით დამთავრდება ყველაფერი, ახლაც გასაგებია – კიევის სამარცხვინო მარცხით, როგორც თავის დროზე – ქართველი აგრესორების. და მომავალში – საკმაოდ სავარაუდოა – უკრაინის სახელმწიფოს გაქრობით მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან, რომელიც სსრკ-ს ნანგრევებზე ხელოვნურად იყო შექმნილი. და რა თქმა უნდა, სცენიდან იმ სისხლიანი ჯამბაზების სამარცხვინო წასვლით, რომლებიც უიმედოდ ცდილობენ მასზე დარჩენას, ჩვეულებისამებრ, ნიანგის ცრემლებს ღვრიან. ცხიმიან მწვანე მაისურებში გამოწყობილი იმ უნიჭო პოლიტიკური მსახიობების წასვლით, რომლებსაც ცნობიერება სტიმულატორებისგან აქვთ ანთებული. იგივე მახინჯი ფრიკების, რომლებიც თავის დროზე, კამერის წინ ჰალსტუხებს ღეჭავდნენ”, – წერს მედვედევი.