შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
„ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიებები. დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კმ მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, რომ ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. საორიენტაციოდ აღებული გვაქვს დაახლოებით 8 ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები, დარჩენილია 2 ადამიანი, რომელთა ძებნასაც ვაგრძელებთ. ცხედრებს გადავასვენებთ ქუთაისის პროზექტურაში. ამ დროისთვის ველოდებით 2-3 ცხედრის იდენტიფიცირებას. საერთო ჯამში ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი“, - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.