"დღეს თოჯინიანი კაცის ცოლ-შვილის პანაშვიდია, ხვალ დასაფლავება, არც ვიცნობ და არც არაფერი, მაგრამ მინდა, მივიდე და ხელი მოვუჭირო ხელზე“ - რუსიკო კობახიძე
ფილოლოგი, რუსიკო კობახიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული ცოლ-შვილის ჭირისუფალ მამაკაცს ეხება.
"ადრე ვიცნობდი ერთ ადამიანს, რომელსაც სამი შვილი მოუკვდა. როცა მესამე შვილის პანაშვიდზე მივდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდა. ამხელა ტანჯვის ყურება როგორ უნდა შევძლო-მეთქი.
არ მახსოვს, ამ ადამიანმა მე მითხრა თუ ჩემს ქმარს: როცა ამდენი ადამიანი მოდიოდა და ხელს მართმევდა, თითქოს ჩემი ტკივილის ნაწილი თან მიჰქონდათო.
დღეს თოჯინიანი კაცის ცოლ-შვილის პანაშვიდია, ხვალ დასაფლავება. არც ვიცნობ და არც არაფერი, მაგრამ მინდა, მივიდე და ხელი მოვუჭირო ხელზე. ამხელა დარდთან მისი მარტო დატოვება არ შეიძლება.
პანაშვიდი ჟ. შარტავას N45, გამოსვენება ხვალ ქაშვეთის ტაძრიდან.
იქნებ პაწაწინა შვება მაინც იგრძნოს, თუ ბევრნი მივალთ.
ნუ მივატოვებთ", - წერს რუსიკო კობახიძე.
ცნობისთვის, შოვში, 3 აგვისტოს მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, 2 ადამიანს კი ისევ ეძებენ.