თეგებით ძიება

დღეიდან „ოცნებამ“ დაიწყო ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის რეპრესიულ ინსტრუმენტად ქცევა - ბერდია სიჭინავა

დღეიდან „ოცნებამ“ დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის რეპრესიულ ინსტრუმენტად ქცევა და ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურისგან უშუალოდ მის დაქვემდებარებაში არსებულ, ახალშექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

როგორც სიჭინავამ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 12 რეკომენდაციის შესრულების საფარქვეშ, შეიქმნა „კვაზი ანტიკორუფციული ბიურო“, რომელსაც კორუფციის პრევენციის ფუნქცია დააკისრეს, თუმცა სიჭინავა განმარტავს, რომ რეკომენდაცია დამოუკიდებელი უწყების შექმნას ითვალისწინებდა, რეალურად კი ახალშექმნილი ანტიკორუფციული ბიურო მთავრობას ექვემდებარება და ფუნქციები, რომელიც აუდიტის სამსახურს ჰქონდა, პოლიტიკური რეპრესიების მიზნით გადაეცემა ღარიბაშვილის მიერ შერჩეულ კადრს.

სიჭინავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ოპონენტების წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებს მიმართავს და მათ შორის რაიმე სხვაობა არ არსებობს.

„ყველას კარგად გვახსოვს, 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი, იუსტიციის იმჟამინდელი მინისტრის - ზურაბ ადეიშვილის მიერ მართული ეს ინსტიტუცია, რა რეპრესიულ ღონისძიებებს ატარებდა იმჟამად ოპოზიციაში მყოფი „ოცნების“ მიმართ

ეს ორი პოლიტიკური ძალა უკვე არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან: 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ქურდავდა თბილისის ბიუჯეტს თავისი აქტივის დასაფინანსებლად, ისევე როგორც დღეს ამას, ზუსტად იმავე მეთოდებით, „ოცნება“ აკეთებს.

ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი, პოლიტიკური კორუფციის, ამომრჩევლის მოსყიდვის და პარტიის ბიუჯეტის ე.წ. შავი ფულით შევსების გზით. 25 აგვისტოს, თბილისის საკრებულოს მიერ პროექტების დაჩქარებულად დამტკიცება „ოცნების“ დეპუტატების, მათი ოჯახის წევრების, პარტიის შემომწირველების და პარტიასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირების სასარგებლოდ, აღნიშნულის ნათელი დასტურია.

„ოცნების“ ხელისუფლებას ვპირდებით, რომ არჩევნების გაყალბების მიზნით შექმნილი ყველა კორუფციული სქემა აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს, ისევე როგორც დაუსჯელი არ დარჩება არჩევნების პროცესში სახელმწიფო ინსტიტუციების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიულ მანქანად გამოყენება.

ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა