"ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი... რა დააშავეს ამ ანგელოზებმა?!“ - გურიაში ადგილობრივები დაღუპულებს გლოვობენ
ლანჩხუთის მუნიციპალუტეტში სტიქიიდან მეოთხე დღეა. აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები.
ამ ეტაპზე აღდგენილია ქალაქის წყალმომარაგება.
სტიქიურმა უბედურებამ ორი მოზარდი და ერთი მოხუცი იმსხვერპლა.
11 წლის თორნიკე ადიდებულმა წყალმა მამას ხელიდან გამოგლიჯა. ბავშვი სახლიდან 5 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
12 წლის იურის და 82 წლის თინათინს სახლთან ახლოს, მიწის ქვეშ მიაგნეს. დამეწყრილ მასაში ლანჩხუთის 8 სოფელი და ოზურგეთის 3 სოფელი მოყვა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად ჯერ ისევ მძიმე ვითარებაა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯერ ისევ ჭირს გადაადგილება.
"ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ამდენი დღის შემდეგაც გვიჭირს გააზრება. უცებ გავიგონეთ ძლიერი გუგუნი, მაგრამ გუგუნი და სახლების წალეკვა ერთი იყო. ისე დაიღუპა ჩვენი ანგელოზი ბიჭი იურაც. ალბათ გაღვიძებაც ვერ მოასწრო, ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი... რა დააშავეს ამ ანგელოზებმა?! ან ის პატარა ანგელოზი, მართლა ბუთქუჩა. მამას რომ გასტაცა მეწყერმა, როგორ უნდა მოინელოს მისმა მშობელმა, ყველა განაგდურებულები ვართ...“,- ამბობს ადგილობრივი.